თამარ გაბუნია: ამ დროისთვის, საწოლფონდის 36%-მდე თავისუფალია
5 164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მონაცემებით კლინიკურ სექტორში. 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 289 პაციენტი – რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის, თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ,,ომიკრონის,, ტალღის პიკი გადავლილია, თუმცა, ვაქცინის ბუსტერ დოზები კვლავაც პირველადი მნიშვნელობისაა.
“გრძელდება ვაქცინაციის პროცესი, შედარებით ნაკლები ტემპით, თუმცა, გუშინ ოდნავ მაღალი იყო მაჩვენებელი. ბუსტერ დოზები კვლავაც რჩება პირველადი მნიშვნელობის, ამიტომ, დღეს ჩვენთვის კვლავაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას. დადებითობის მაჩვენებელიც შედარებით იკლებს, რაც იმედის მომცემია. შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად, ეტაპობრივად დაიგეგმება ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესიც. იმგვარად, რომ ყველას ჰქონდეს ჰოსპიტალში მკურნალობის შესაძლებლობა, ვისაც ეს სჭირდება. სრულად მობილიზებული რჩება პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რაც იმის გარანტიაა, რომ ყველა მოქალაქე, ვინც ბინაზე რჩება და მკურნალობს, იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.