ოკუპირებულ სოხუმში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული სოხუმის მილიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულია რუსეთის 2 მოქალაქე. კერძოდ, 2001 წელს დაბადებული ელენა სინელნიკოვა და ვადიმ ბოტიევი, რომლებიც სტავროპოლიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გასავრცელებლად ჩავიდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ‘’შსს-ს ნარკოტიკების კონტროლის დეპარტამენტის‘’ თანამშრომლებმა დამნაშავეები ოკუპირებულ სოხუმში, მაიაკის რაიონში დააკავეს.
‘’ბოტიევს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი 46 შეკვრა ამოიღეს. ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამოღებული ნარკოტიკი მეტადონია. წინასწარი შეთანხმებით, გოგონამ გადაიღო ის ადგილები, სადაც ნარკოტიკი იყო, რათა შემდეგ საბოლოო მომხმარებლისთვის გაეგზავნა. დაკავებულებს, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ‘’ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.