გია ვოლსკი – ირმა ინაშვილის ღია წერილზე: რუსეთს საქართველოში დასაყრდენი არ გააჩნია და, თითქოს, მას ვიღაც თავის თავს სთავაზობს საყრდენ პლატფორმად
ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება, იყოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ ვლადიმერ პუტინის მიმართ მომზადებულ ღია წერილს.
გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთს საქართველოში დასაყრდენი, პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია და ამ ფორმით, თითქოს, მას ვიღაც თავის თავს სთავაზობს საყრდენ პლატფორმად.
“ეს წერილი, გარკვეულწილად, პროვოკაციულიც არის, რადგან რუსეთის ფედერაციას, ასეა თუ ისეა, საქართველოში დასაყრდენი, პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია და, თითქოს, მას ვიღაც თავის თავს სთავაზობს საყრდენ პლატფორმად. ამ წერილიდან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თუნდაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან, მაგალითად, სამხედრო პარადზე ჩასვლა ან ისეთი განცხადებების გაკეთება, თითქოს არავინ იცოდეს და ხელისუფლებაში ვერ ერკვეოდნენ, საფრთხე საიდან მომდინარეობს. პოლიტიკოსებს დაფიქრება მართებთ, სანამ ასეთი წერილებით შეიწუხებენ თავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს ღია წერილი გაავრცელა, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა.