აღმოჩენილია მიხაკო წერეთლის ხელნაწერთა 15 ტომი

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დიდი ქართველი მეცნიერის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მიხეილ (მიხაკო) წერეთელის ხელნაწერთა 15 ტომია აღმოჩენილი. მათი უმეტესობა გამოუქვეყნებელია. ტომები 29 ივლისს, 11 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი და თსუს რექტორი ვლადიმერ პაპავა დაესწრებიან. პრესკონფერენციაზე მკვლევარები აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ .
ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩენილი უდიდესი ეროვნული სიმდიდრე – მიხაკო წერეთელის ხელნაწერების უმეტესობა მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. პრესკონფერენციაზე აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ: მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერთა მნიშვნელობასა და ამ ფასდაუდებელი საგანძურის დაცვისა და შენახვის თაობაზე ისაუბრებს ბიბლიოთეკის დირექტორი.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878–02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების: “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის” და „თეთრი გიორგის“ ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი ფართოდ გავრცელებული პუბლიკაციის „შუმერული და ქართული“ გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები