კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო პარტნიორებს ინტერნეტის ხარისხის გაზომვის ქართული პლატფორმა SHEAMOTSME.GE გააცნო

კომუნიკაციების კომისიისა და მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით, ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივების გაცნობის მიზნით, ონლაინ კონფერენცია ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტერნეტის გაზომვის საერთაშორისო დღის – IMD-ის მიზანია ინტერნეტის შემოწმების ეფექტიანი მექანიზმების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მოხდეს. ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ გახსნა, რომელმაც ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უსაფრთხო და ხარისხიანი კავშირის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით თანამედროვე გამოცდილების გაზიარების საჭიროებებზე ისაუბრა.

ეკატერინე იმედაძემ კოლეგებს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საზოგადოებას ინტერნეტის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნო. ღონისძიების ერთ-ერთი სესია ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგს მიეძღვნა, სადაც კომუნიკაციების კომისიის მიერ ინტერნეტის ხარისხის კონტროლისთვის შექმნილი პლატფორმა „SHEAMOTSME.GE” კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებს გააცნეს.

სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსმა მიხეილ ჯღამაძემ პროექტის ეფექტიანობაზე ისაუბრა და საზოგადოებას ინტერნეტის ხარისხის გაზომვის შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ეკატერინე იმედაძემ ღონისძიებაზე კომუნიკაციების კომისიასა და მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას (ICANN), ასევე, კომისიასა და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტს (RIPE NCC) შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ მხარეები ეფექტიანად თანამშრომლობენ ინტერნეტის სტატისტიკურ-ანალიტიკური, ლოკალური და გლობალური მონაცემების ურთიერთგაცვლის, ასევე დომენურ სახელთა სისტემის (DNS) ეკოსისტემის განვითარებისა და ეროვნული დომენური სახელების (IDNs) პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, რაც დომენურ სახელთა სისტემის დაცულობის გაძლიერებას, ინტერნეტის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და საქართველოში ინტერნეტის განვითარებას უწყობს ხელს.

ინტერნეტის გაზომვის დღე ICANN-ისა და RIPE NCC-ის ინიცირებით ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მარეგულირებელი ორგანოების, ქსელის ოპერატორების, ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორებისა და რეგისტრატორების, ასევე ინდუსტრიის განვითარების ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების მთავარი მიზანია, შეიქმნას პლატფორმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და მოხდეს ინტერნეტის გასაზომად ეფექტიანი ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები