ფშავის არაგვი მდინარის კალმახის 30 000-მდე ქვირითით დათევზიანდა
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ფშავის არაგვი 30 000 კალმახის ქვირითით დაათევზიანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების სააგენტო ავრცელებს.
მატივე ცნობით, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში მარტივად ახდენს ადაპტაციას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი, მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ხდება საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის აღდგენის მიზნით, – აღნიშნულია ინფორმაციაში.