კულტურის სამინისტრო 4 სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსს განმეორებით აცხადებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით სამინისტრო სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხელახლა აცხადებს კონკურსს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში – 2021 წლის 22 დეკემბერს, ხოლო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი 2022 წლის 20 იანვარს გამოცხადდა. სხვადასხვა მიზეზით, ოთხივე თეატრში კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა, რის გამოც, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწვყვეტილება აღნიშნულ თეატრებში კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ.

ინფორმაციისთვის, სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები