ჯანდაცვის მინისტრი: შეუძლებელია, პრემიერი იყოს ანტივაქსერი, ორჯერ არის აცრილი
“რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არაა და შეუძლებელია რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის ანტივაქსერობაზე საუბარი არასწორია.
„პრემიერი ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად”, განაცხადა აზარაშვილმა.