გიორგი დოხტურიშვილი: ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში დმანისის მერიის წარმომადგენლები მუშაობენ და ზარალს ითვლიან.
,,დღეს, თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექრო-ენერგიის მიწოდება – შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა.
ბიძგების შედეგად, ჩამოინგრა სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი – ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიის ზონაში უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება”, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.