ევროპეიზაცია ქართულ სკოლებში – დასავლეთ საქართველოს პედაგოგებისთვის ზუგდიდში ტრენინგები ტარდება

“ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური გუნდი ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის – „ევროპეიზაცია ქართულ სკოლებში” ფარგლებში, საჯარო სკოლების პედაგოგ-დირექტორებს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში გადაამზადებს.

ტრენინგები დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და მასში ქუთაისის, ბათუმის, ლანჩხუთის, მესტიის, ჭუბერის, ხაიშის და ზუგდიდის სკოლის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

“ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში, ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ თემებზე გადაამზადებენ, როგორებიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებების, მშობლების, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება და შეფასების სისტემის რეფორმა.

ტრენინგის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო.

“მნიშვნელოვანია, რომ ერაზმუს პლიუსის პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლების პედაგეგების გადამზადება ხორციელდება. პროექტში ჩვენი რეგიონიდან ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტეის სოფლები მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს და დაგვეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და  ევროპეიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ თეორიულ საკთხებთან ერთად გადამზადება პრაქტიკულ და სწავლებასაც მოიცავს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიბლიანმა.

პროექტის მენეჯერის თათია დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულო პროექტის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტი” საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით, ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგებს მართავს.

“ამჟამად ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც თავი მოიყარეს მესტიის, ხაიშის, ჭუბერის, ქუთაისის, ბათუმის, ხაჯალიის და ზუგდიდის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა. ტრენინგებისთვის შერჩეული თემატიკა ეხება შეფასების სისტემის რეფორმასა და სწავლების მეთოდიკისა და სახელმძღვანელოების ოპტიმიზაციას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხებში დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებელთა გადამზადების საჭიროება გამოიკვეთა ამავე პროექტის ფარგლებში შარშან ჩატარებული კვლევის შედეგად. შესაბამისად, ტრენინგებს საფუძვლად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული რეალური პრობლემები უდევს და ევროპის უნივერსიტეტში  ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტით ხელს შევუწყობთ მათ გადაჭრას”, – განუცხადა ჟურნალისტებს დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების თემატიკა დასავლეთ საქართველოსთვის 2021 წლის ზაფხულში “ევროპის უნივერსიტეტის” ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ყველაზე პრობლემატურად გამოკვეთილი საკითხების საფუძველზე შემუშავდა.

EU-GS პროექტის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით დახმარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები