ალეკო ელისაშვილი: სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს
პარტია “მოქალაქეების” წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს. ამის შესახებ დეპუტატმა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვით, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.
„სულ მცირე, ორი ბანკისგან დადასტურებულია, რომ მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას. სახელმწიფო მზად არის, ყოველ წელს პენსიის დარიგების მომსახურებისთვის 15 მილიონი გადაიხადოს და ეს სუბსიდია არაფერი არ არის ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის. შევთანხმდით, რომ კონკურენცია ბანკებს შორის იქნება სესხის პროცენტთან დაკავშირებით. დღეს რომ „ლიბერთი ბანკი“ 36%-ში აძლევს სესხს, ჭერი იქნება 26% და შეიძლება, იყოს ამაზე ნაკლები. „ლიბერთი ბანკს“ პენსიის დარიგებისგან შემოსავალი რომ არ აქვს, იმიტომ ატყავებს პენსიონერებს. შესაბამისად, სახელმწიფო ამბობს, რომ სრულიად უფასოდ კი ნუ დაარიგებ, არამედ მე გაძლევ 15 მილიონს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.