კრემლში ლუკაშენკოს უპასუხეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების სიგნალებთან დაკავშირებით
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არ არის საჭიროება, ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს, რადგან მან ისედაც ყველაფერი კარგად იცის და დამატებითი სიგნალები საჭირო არ არის.
ორი დღის წინ, “სოლოვიოვ Live”-ის ლუკაშენკომ კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, თქვა, “როგორც კი მივხვდები და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა” და დასძინა, “ამის რაიმე სასიცოცხლო საჭიროება არსებობს?”
პესკოვის თქმით, “აბა, შეხედეთ, ასეთი ვითარებაა, დე-იურე და დე-ფაქტო არსებობენ რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოები, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი – მათთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და არის რუსეთის ყირიმის რეგიონი – რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არის რეალობა, რომელიც ალექსანდრე გრიგორიევიჩმა კარგად იცის. ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა მიზანშეწონილად ჩათვლის. აქ დამატებითი სიგნალები არ არის საჭირო“, – თქვა პესკოვმა.
ლუკაშენკოს განცხადებას 8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ “ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის”.