ბიბილოვი: ჩაიშალა საქართველოს ე.წ. დეოკუპაციის სტრატეგია და ეს მარცხი 2008 წლის ომში საქართველოს დამარცხებას უტოლდება
ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების “გადაუდებელ მიმართულებად რჩება არა მხოლოდ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება, არამედ – საქართველოს მხრიდან რევანშისტული მისწრაფებების შეწინააღმდეგება”.
ამის შესახებ მან “ერთიანი ოსეთის” ყრილობაზე თქვა, სადაც ის ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განახორციელა პროვოკაცია სასაზღვრო ზონაში. დაძაბულობის მთავარი პუნქტი ზნაურის რაიონის სოფელ უისთას მიმდებარე ტერიტორია იყო. ამასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, გაეძლიერებინა უსაფრთხოების ზომები, ასევე, დაეყენებინა დამატებითი პოსტები სოფელ უისტასთან. რესპუბლიკის ხელისუფლების მკაცრმა რეაქციამ შესაძლებელი გახადა საქართველოს უშიშროების ძალების შემდგომი პროვოკაციების შეჩერება საზღვარზე“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, “სახელმწიფო საზღვრის დაცვის რეჟიმის გაძლიერების, კონტრდაზვერვის მიმართულების გაძლიერების, ასევე, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მიმართ გატარებულ მტრულ პოლიტიკაზე ყოვლისმომცველი წინააღმდეგობის შედეგად, ჩაიშალა ე.წ. დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დაბინდვას ისახავდა მიზნად”.
„საქართველოს სტრატეგიის საბოლოო მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის ჩამოყალიბება. თუმცა, ამ სტრატეგიის არცერთი პუნქტი არ განხორციელებულა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მტკიცე პოზიციის გამო. ქართული მხარე თავად აღიარებს მარცხის ფაქტს, ამ დამარცხებას 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამარცხებას უტოლდება“, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.