ივანე ჩხაიძე: ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე, ე.წ. რესპირატორი N 95 -ის დაცვის მაჩვენებელი 85-86 %-ია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესი ე.წ. რესპირატორი N95-ია. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიისაა, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85-86 %-ია. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“. ადრე არსებობდა შეხედულება, რომ ეს ნიღაბი უნდა გამოცვლილიყო 4-6 საათში, ახლა ასე აღარაა, შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია.

ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია. იცით, რომ ზაფხულისთვის განსაზღვრულია ვაქცინაციის 70%-იან ზღურბლზე მიღწევა. ამის უკან ბევრი სხვადასხვა სახის ინტერვენცია დგას. დიდი იმედი გვაქვს, დღეისათვის არსებული 42 % -ის 70 %-მდე გაზრდას მოვახერხებთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები