თენგიზ ფხალაძე: კრემლის დამოკიდებულება ყველასთვის ცხადია – მისი გზავნილია, ახლა უკრაინით ვართ დაკავებული, მაგრამ მოვა საქართველოს ჯერიცო

ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.

მისი თქმით, მოსკოვს აქვს თავისი დამოკიდებულება ე.წ. თავისი გავლენის სფეროებისადმი, რაც შეუთავსებელია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს, უკრაინის თუ მოლდოვას არსებობასთან.

“პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ მაშინ, როცა მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, საქართველოც ახსოვთ და მის მიტოვებას არავინ აპირებს. ასეთ ვითარებაში მოსკოვში არავის გაუჩნდება ილუზია, რომ უკრაინა თუ არა, საქართველო მაინც შეიძლება გახდეს მათი ლუკმა… ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება იმ ახალი ალიანსის მომავალი, რომელიც ახლახან შეიქმნა – ვგულისხმობ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ახალ კავშირს. მოგეხსენებათ, ნატო არის ის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით, რის მიღწევაც ზოგჯერ რთულია და ძალიან ჭიანურდება. ამ დროს ასეთი ტიპის ალიანსებით ერთგვარად ბალანსდება ვითარება, ანუ ხერხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკება თუ ლობირება. ეს ფორმატები ალიანსის მიერ არის წახალისებული და მხარდაჭერილი. მაგალითად, ძალიან აქტიურად მუშაობს “ბუქარესტის ცხრიანი”, რომელიც 2015 წელს რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით შეიქმნა და მასში, ამ ორი ქვეყნის გარდა, შედიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი შესაძლებლობის ძიება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნატოს საპირწონე, მაგრამ ქვეყნებს ნატოში ინტეგრაციაში ეხმარება. თავისთავად ცხადია, ამ ფონზე ძლიერი სახელმწიფოების მონაწილეობით ორმხრივი ან სამმხრივი ფორმატების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლონეთზე, რომელიც გამოირჩევა საქართველოსადმი მხარდაჭერით, რაც მხოლოდ განცხადებებით არ გამოიხატება. ის ძალიან აქტიურია და თუ ვინმე ხედავს საქართველოს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს სწორედ პოლონეთი გახლავთ, რომელიც ამ თემის ადვოკატირებას ეწევა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამ რეგიონში მისი ინტერესები არავისთვის საიდუმლო არ არის. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფრის გამოყენება, იქნება ეს ამ კონკრეტულ ფორმატში მონაწილეობა, სხვა ფორმატების ინიცირება ან უკვე მოქმედთან თანამშრომლობა, თუ რამე სხვა. ჩვენ ამგვარ ალიანსებში აქტიური მონაწილეობა გვჭირდება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სწორი აქცენტები, როდესაც მან რუსეთის ფედერაციაც ახსენა და მისი აგრესიაც დაგმო. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დაზარალებულია ამ აგრესიით და მას ყოველდღიურად უყურებს თვალებში. კრემლის დამოკიდებულებაც ყველასთვის ცხადია. მისი გზავნილია, ახლა უკრაინით ვართ დაკავებული, მაგრამ მოვა საქართველოს ჯერიცო. მოსკოვს აქვს თავისი დამოკიდებულება ე.წ. თავისი გავლენის სფეროებისადმი, რაც შეუთავსებელია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს, უკრაინის თუ მოლდოვას არსებობასთან… ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, ყოველთვის ვთქვათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და რომ ის უკანონოდ არის საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს თემა არ ჩაიკარგოს. ძალიან მნიშვნელოვანია ანჯეი დუდას ჩამოსვლა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რაც ხდება უკრაინაში, ეს საქართველოსა და მოლდოვასაც შეეხებაო, ასევე ენტონი ბლინკენის ბრწყინვალე გამოსვლა გერმანიაში, სადაც მან არა მხოლოდ 2008 წლის სამხედრო აგრესია ახსენა, არამედ 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის აგრესიულ მოქმედებებზეც ილაპარაკა. ჩვენ მუდმივად ამაზე პედალირებას უნდა ვახდენდეთ.

დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს უკიდურესად აქტიური. სამწუხაროდ, ხშირად ვუშვებთ უპატიებელ შეცდომებს; ზოგჯერ იმასაც კი, რასაც კარგად ვაკეთებთ, დიდ ჩრდილს ვაყენებთ ან არასწორად ვაგრძელებთ საქმიანობას. ბოლო დროს კარგა ხანს ვიყავით უკრაინაში, ვხედავდი, როგორი აქტიური იყო ჩვენი საელჩო და ისიც ვნახე, როგორი გამოხმაურება მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროების კომუნიკაციას, ამის მერე კი სრულიად გაუგებარი იყო, რაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით მოხდა. არავითარ ლოგიკას არ ემორჩილება ამ ტექსტში რუსეთის მოუხსენიებლობა. პარლამენტს, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინასთან დაკავშირებით არაერთი ამგვარი რეზოლუცია აქვს მიღებული, რომლებშიც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული და ამით არაფერი დაშავებულა, მეტიც, ეს იყო სწორი პოზიცია. ახლა არ არის ნახსენები რუსეთი, არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც მეტისმეტად მცდარი ნაბიჯია და რის ლოგიკურ ახსნას ვერ ვახერხებ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის მწყობრი პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამო ყველგან უნდა გრძნობდეს დისკომფორტს. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ეს დისკომფორტი რომ იგრძნოს, ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და ვილაპარაკოთ სწორედ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე. ჩემი აზრით, კეთდება ყველაფერი, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება მოხერხდეს. იქნება თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი რეჟიმისთვის, რომელიც ძალიან ხშირად ირაციონალურად მოქმედებს, ძნელი სათქმელია. აქ მთავარია ის, რომ მსოფლიო ყველა სცენარისთვის არის მზად, ისევე, როგორც უკრაინა. ენტონი ბლინკენმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა – ჩვენ გასაგებად ავუხსენით რუსეთს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ამა თუ იმ მოქმედებას და ისიც ვუთხარით, რომ მოლაპარაკების კარი ღიააო. უკრაინაში ომი დღეს ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე იყო ორი და სამი კვირის წინ, თუმცა ეს საფრთხე ჩავლილი არ არის. ომი ძალიან დააზარალებს უკრაინას, მაგრამ დამანგრეველი იქნება რუსეთისთვისაც. ამას ხვდებიან თუ არა კრემლში, არ ვიცი. არსებობს მეორე სცენარიც: არა კონვენციური, არამედ ჰიბრიდულ ომი, რომელიც უფრო ვერაგი და საშიშია. იმ პერიოდში, რაც მე უკრაინაში გახლდით, აიყვანეს რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც გეგმავდნენ ტერაქტებს, მათ შორის – კიევშიც. მოკლედ, ბევრი ვერაგობა აქვთ ჩაფიქრებული და სხვადასხვა სცენარი – მომზადებული. მათ შორის განიხილება ოკუპირებული დონბასის აღიარებაც.

დასავლეთი პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს არ არის მხოლოდ განცხადებები. ვხედავთ იარაღის მიწოდებას, წვრთნის და აღჭურვის გააქტიურებულ პროგრამებს; ნატოს თვითმფრინავები უკრაინის ცაში ატარებენ მონიტორინგს და საჰაერო სივრცეს ზვერავენ. სხვათა შორის, აფხაზეთის საჰაერო სივრცეც ამ მონიტორინგს ექვემდებარება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იქნება თუ არა საკმარისი, რომ კრემლმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს, ძნელი სათქმელია… რაც შეეხება ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას, დღეს ისინი არიან სიტუაციური მოკავშირეები. ის განცხადება, რაც ერთობლივად გააკეთეს, მოსალოდნელი იყო, თუმცა მაინც ძალიან დამაფიქრებელია. რაც აქამდე კულუარებში იყო, დღეს ყველაფერი საჯაროდ გაცხადდა. თვალს ვადევნებთ დაპირისპირებას დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის და ეს პიკს აღწევს. დღეს წყდება არა მხოლოდ უკრაინის ან საქართველოს, არამედ მსოფლიო წესრიგის ბედი. ლაპარაკია იმაზე, რომ ან ქვეყნებს ექნებათ თავისუფალი არჩევანის და დემოკრატიული განვითარების საშუალება და მათი სუვერენიტეტი იქნება დაცული, ან მოხდება ის, რაც სურს რუსეთს, ანუ მსოფლიოს ბედს გადაწყვეტს რამდენიმე ქვეყანა, აქედან გამომდინარე კი, ბევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს შეექმნება საფრთხე… ეს ორი რეალობა ეჯახება ერთმანეთს. დასავლეთისთვის ნათელია, რომ თუ დღეს ეს არ შეჩერდა, მსოფლიო განწირული იქნება ხანგრძლივი ქაოსისთვის, ანუ მთელი საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა, რაზეც დგას მსოფლიო, ჩამოიშლება, ამის დაშვება კი არავის სურს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ჩინეთი უფრო რაციონალური იქნება და მასთან უფრო შეიძლება მოლაპარაკება, ვიდრე რუსეთთან”,- განაცხადა ფხალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები