23-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა

   საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეოთხე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ ასრულებდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.
150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.
23-ე ბატალიონი ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრა. მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო ამოცანას მეორედ ასრულებდნენ და ორივეჯერ უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. თვის ბოლოსთვის ქვედანაყოფის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები