თამარ გაბუნია: ხვალიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ.
„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი რჩება. ბოლო პერიოდში ონლაინ კლინიკების და ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში ექიმების რაოდენობა გავზარდეთ, თუმცა, უკეთესი იქნება, პაციენტი თავის ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს. უკვე 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რაც დეკემბრის ბოლოს დაიგეგმა ოჯახის ექიმებთან კონსულტაციებზე, რომ ყველას შეუძლია, პრიორიტეტულად და უპირატესად თავის ოჯახის ექიმს დაუკავშირდეს. ანუ მართვისთვის პაციენტის მიმაგრება მისივე ოჯახის ექიმთან მოხდება, ეს ქსელი სრულად გაიშალა. დეკემბრის განმავლობაში ოჯახის ყველა ექიმმა ტრენინგი გაიარა და ყველა მზადაა იმისთვის, რომ თავისივე პაციენტი მართოს. ამდენად, უკვე ხვალიდან ოჯახის ყველა ექიმს შესაძლებლობა ექნება მასთან მიმაგრებულ პაციენტს გაუწიოს მეთვალყურეობა და მართოს ბინაზე ყოფნის პერიოდში. რიგ შემთხვევაში, ბუნებრივია, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და აქ უკვე ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს ჰოსპიტალს“, – განაცხადა გაბუნიამ.