ნიკოლოზ ნამორაძე ჟურნალმა International Piano-მ თავის ყდაზე გამოსახა

International Piano მსოფლიოს წამყვანი გამოცემაა საფორტეპიანო სამყაროში, რომლის გვერდებზე, მით უმეტეს გარეკანზე მოხვედრა ნებისმიერი მუსიკოსისთვის ღირსეულ გამარჯვებას ნიშნავს. ამჯერად ეს პატივი წილად ხვდა ქართველ მუსიკოსს, ნიკოლოზ ნამორაძეს. 2022 წლის იანვარ–თებერვლის ნომერი მისი პორტრეტით იხსნება. შიდა გვერდებზე განთავსებული ტექსტები კი მკითხველს მოუთხრობს 29 წლის პიანისტისა და კომპოზიტორის ჭეშმარიტად მრავალმხრივ ნატურაზე, ვისთვისაც კოვიდის პანდემიის ჟამს გამოთავისუფლებული დრო განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. საკონცერტო გამოსვლების საკმაო ხნით შეფერხების პირობებში მან გადაწყვიტა, სინამდვილედ ექცია სიჭაბუკისდროინდელი სურვილი – შეესწავლა ნევროლოგია. იგი გახდა ლონდონის კინგს კოლეჯის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნევრომეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი და დაწერა დისერტაცია, რომელიც იკვლევს გონებრივი პრაქტიკისა და ყურადღების ეფექტს მუსიკალურ შესრულებაში. ამასთან ერთად, მან მონახა დრო, თეორიულად ჩაღრმავებოდა თანამედროვეობის გამოჩენილი კომპოზიტორის, გიორგი ლიგეტის (1923–2006) მუსიკას და წიგნად გამოსცა თავისი ნაშრომი – „ლიგეტის მაკროჰარმონიები“.
ნიკოლოზ ნამორაძემ ნოტების სახით გამოსცა საკუთარი კომპოზიციებიც, რომელიც Muse Pess-მა დაბეჭდა. მის პროფესიულ კარიერაში კი თვალსაჩინო წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ახალი ალბომი, რომელსაც Arabesque ჰქვია. იგი STEINWAY & SONS-მა გამოსცა და უკვე შესაძლებელია შეძენაც. მასში ძირითად ადგილს შუმანის 12 ქმნილება იკავებს, აქვე ასრულებს იგი საკუთარ მუსიკასაც, ერთ არაბესკას და სამ ეტიუდს.
როგორც ახალგაზრდა კომპოზიტორი და პიანისტი აღნიშნავს: „ეს ალბომი წარმოადგენს რობერტ შუმანის ჩემეულ ანარეკლებს, როგორც პიანისტური, ასევე კომპოზიციური თვალსაზრისით“.
მისი შემოქმედება უკვე იწვევს ინტერესს თანამედროვე მუსიკის სამყაროში, ნიკოლოზ ნამორაძის ახალ ალბომს ამ სიტყვებით ეხმიანება გამოჩენილი კომპოზიტორი და შემსრულებელი ემანუელ აქსი: „ნამორაძე ჭეშმარტად რენესანსული კაცია. აშკარაა, რომ ის გახდება თავისი თაობის ერთ-ერთი მართლაც მნიშვნელოვანი არტისტი“.
განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალში ამოკითხული გავლენიანი ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსის მაიკლ ჩერჩის შეფასება: „სიტყვებს ხშირად არ ვკარგავ, მაგრამ ნამორაძის კონცერტმა თითქმის დამამარცხა“.
ნიკოლოზ ნამორაძემ, როგორც პიანისტმა და კომპოზიტორმა, პროფესიული წვრთა გაიარა ბუდაპეშტის, ვენის, ფლორენციის და ნიუ-იორკის, კერძოდ ჯულიარდის უმაღლეს სასწავლებლებში. 2018 წელს კი სრულიად დამსახურებულად გახდა ჰონენსის (კალგარი, კანადა) საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის (Honens Interantional Piano Competition) გამარჯვებული, რამაც მას გზა გაუხსნა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზებისკენ. მის გამოსვლებს საუკეთესო გამოხმაურება ჰქონდა  ბერლინის „კონცერტ-ჰაუსში“, ტოკიოს „ბუნკა კაიკანში“, ბოსტონის გარდნერ-მუზეუმში, ტორონტოში, მაიამიში, თბილისში, თელავში, სანტა-ფეში, გშტაადში…
მრავალ სახელოვან ორკესტრთან და დირიჟორთან ერთად მოუწია ქართველ მუსიკოსს გამოსვლა. რამდენიმე ცნობილმა შემსულებელმა და ორკესტრმა კი უკვე შეიძინა მისი მუსიკის შესრულების უფლება და მათ უკვე გაიჟღერეს კიდეც სხვადასხვა აუდიტორიაში. მან ასევე მუსიკალურად გააფორა რამდენიმე ფილმიც.
პანდემიის დამთრგუნველი ორი წელიწადი ნიკოლოზ ნამორაძემ მართლაც ნაყოფიერად გამოიყენა, რამაც ნათლად აჩვენა, თუ როგორი მრავალმხრივი ინტერესების, დაუმცხრალი სურვილებისა და უტეხი ნებისყოფის პიროვნებაა იგი, ვინც სულ წინ იყურება და მუდამ იზრდება, როგორც მუსიკოსი.
ნამორაძეს მე ორი წლის წინათ მოვუსმინე ლონდონის ვიგმორ-ჰოლში, სადაც მისმა კონცერტმა დიდი მოწონება და უფრო დიდი გამოხმაურება ჰპოვა კრიტიკის მხრიდან. გასახარია, რომ 18 თებერვალს კორონაზე ტრიუმფით გამარჯვებული ხელოვანი კვლავ ეწვევა ლონდონს. ამჯერად ის „როიალ ფესტივალ ჰოლში“ წარდგება მსმენელის წინაშე. ბუდაპეშტის ფილარმონიული ორკესტრი სტრავინსკისადმი მიძღვნილ კონცერტებს მართავს და გენიალური კომპოზიტორის „კურთხეულ გაზაფხულში“ ივან ფიშერის დირიჟორობით დაუკრავს. ეს იოლი ამოცანა როდია, მით უმეტეს, აუდიტორიისგან ამდენხნიანი განშორების შემდეგ. ბუნებრივია, ეს დიდ ღელვასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მჯერა, ამგვარი სირთულე ვერ შეაკრთობს რენესანსული ბუნების მუსიკოსსა და მეცნიერ-მკვლევარს ნიკოლოზ ნამორაძეს, რომელიც ასე ფართო ჭრილიდან უმზერს და განსჯის ხელოვნებას.
მე ქართულ რეალობაში მხოლოდ დავით კაკაბაძე მახსენდება, ვინც შესანიშნავი მხატვრის გარდა იყო მეცნიერ-ხელოვნებათმცოდნე, ასევე – ფოტოხელოვანი და სტერეო კინოსაპროექციო აპარატის გამომგონებელი. განგება ასე უხვად იშვიათად აჯილდოებს ადამიანებს! მსგავსად, ფართო და მრავალმხრივი შესაძლებლობებით, საქართველოში თითქმის ასი წლის შემდეგ ნიკოლოზ ნამორაძე მოგვევლინა!
ის უცებ გამოჩნდა მუსიკალურ კაბადონზე, მას შემდეგ, რაც კანადაში „ჰონენსის“ კონკურსის პრიზიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა ამ უნიჭიერეს, ახალგაზრდა კაცს, თავგანწირულად ემუშავა საკუთარ თავზე: გაემართა კონცერტები, გამოეცა წიგნები და ალბომი. ამ ყოველივემ იგი, რასაკვირველია, გაზარდა პიროვნულად და პროფესიულად.
ამიერიდან ნიკოლოზ ნამორაძის წინაშე ახალ სივრცეები და მწვერვალები იშლება, მათი დაპყრობა, მჯერა, თვით მუსიკოსს შემოქმედებით აღმასვლას, მსმენელს კი ზღვა სიხარულს მოუტანს…

 

                                                                         გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები