ფინანსთა მინისტრი: დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, ზედმეტობის სახით ბიზნესს მილიარდ 930 მილიონი ლარი დავუბრუნეთ
ფინანსთა მინისტრი საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ელექტრონული საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ თვალსაჩინო გახადა გაციფრულების მნიშვნელობა და სწორედ გაციფრულებისკენ მიმართული რეფორმის შედეგია 2021 წელს დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგის შედეგია, რომ ბიზნესს ზედმეტობის სახით მილიარდ 930 მილიონი ლარი დაუბრუნდა.
„მისასალმებელია, რომ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა გაციფრულების მიმართულების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ წარმოადგენს მხოლოდ საბაჟოს მიზანს. მასში მონაწილეობს საქონლის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა სტრუქტურა, მთავრობის ყველა ინსტიტუტი.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სწორედ გაციფრულებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი რეფორმის შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით და 2021 წელს დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, ზედმეტობის სახით ბიზნესს დავუბრუნეთ მილიარდ 930 მილიონი ლარი, რაც 100 მილიონი ლარით აღემატება რეფორმის დაწყებამდე, ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამურად დაბრუნებულ მაჩვენებელს, რაც შეიძლება ითქვას ქვეყნის ეკონომიკაში შიდა ინვესტიციის მობილიზების უპრეცენდენტო ოდენობაა. აქ მნიშვნელოვანია, საბაჟოს როლი იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის ადმინისტრირების პროცესში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საბაჟოს, ასევე, ავანგარდის ფუნქცია ეკისრება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. 2019 წელს ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან მიახლოებული საბაჟო კოდექსის დებულებათა იმპლემენტაცია, ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მნიშვნელოვან ბაზრებზე საქართველოს ექსპორტის ზრდას.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთების მიზნით, ახალი კომპიუტერიზებული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნაში.
„საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთება ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იქნება სახმელეთო საავტომობილო ტრანსპორტით ევროპაში გადაზიდვის სფეროში კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით”, – განაცხადა მან.