„ხელიხელსაგოგმანებლად“ – გამოთხოვება თამაზ ნატროშვილთან

დღეს ცნობილ ისტორიკოსსა და მწერალს თამაზ ნატროშვილს მახათას პანთეონში დაკრძალავენ. მწერალი როსტომ ჩხეიძე ფეისბუქის გვერდზე მასთან გამოსათხოვარს აქვეყნებს – „ხელიხელსაგოგმანებლად (გამოთხოვებად თამაზ ნატროშვილთან)“.

„დასავლური საზომებით თუ განვსჯით:
თამაზ ნატროშვილი ქართველ ტომას კარლაილად წარმოგვიდგება, როგორც შემოქმედი ისტორიული ესეებისა.
და ქართველ ჩარლზ დიკენსადაც, როგორც ისტორიული ნოველების შემოქმედი (“ინგლისის საყმაწვილო ისტორიის” ცალკეული თავები განა ნოველებივითაც არ არის შეკრული?).
მას უნდა დაემკვიდრებინა ისტორიული ესეისტიკა ქართულ ლიტერატურულ-კულტურულ სინამდვილეში.
ისტორიული ნოველებით კი გაეგრძელებინა იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ორბელიანის ძვირფასი ტრადიცია.
ეს კი ნიშნავდა:
სტილურ სინატიფესა და დახვეწილობას, თხრობის მომხიბვლელობასა და იდუმალ ჯადოს, ყველა თაობის მკითხველისათვის გულშიჩამწდომი რომ ხდებოდა და თვალსაწიერსაც უფართოებდა, რადგანაც ეს დიდებული ნიმუშები მოიცავდა უვრცეს არეალს და ერთნაირად წვდებოდა აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც, როგორც მისი ერთ-ერთი წიგნის სახელწოდება: “მაშრიყით მაღრიბამდე” – რომლის შეფასებისასაც გურამ ასათიანი თვით ამ რუსთველურ ეპითეტსაც არ მოერიდებოდა:
ხელიხელსაგოგმანებელიო!..
ისტორიკოსისა და მწერლის იშვიათ შერწყმას რაც უნდა დაებადებინა.
ადრე ჩამოშორდებოდა ბელეტრისტიკას, თუმც რამდენიმე საანთოლოგიო მოთხრობას დაგვიტოვებდა: “ხვალ დოღი იქნება ხეობაში”, “გამოღვიძება”, “ჩიხი”…
და თარგმნის სფეროსაც რომ მოსინჯავდა, იმ წარმატებით, თუნდ ვარლამ შალამოვის ნოველები სანიმუშოდ რომ დარჩება, როგორ შეიძლება მწერალმა სხვა ენობრივ გარემოში სრულყოფილად შეინარჩუნოს თავი ნიუანსობრივი ამეტყველების წყალობით; და კიდევ ერთ დასტურად, რომ პროზის თარგმნა არანაკლებ დიდ ხელოვნებას მოითხოვს, ვიდრე პოეზიისა.
ისტორიკოსისა და მწერლის იშვიათი შერწყმაო…
უამრავი უცნობი დეტალი, შტრიხი, გარემოებაც რომ უნდა შემოეტანა სამეცნიერო და საზოგადოებრივ მიმოქცევაში და მომხიბლავი თხრობა გადაევსო მახვილგონივრული დაკვირვებებით, მიგნებებით, აღმოჩენებით… ეს ყოველივე კი გაჰყოლოდა რომაული შეგონების კვალს: ისტორია რომ უნდა იწერებოდეს მრისხანებისა და მიკერძოების გარეშე.
და ამიტომაცაა, გზამკვლევად რომ გვევლინება მისი ესეებიცა და ნოველებიც ისტორიის ლაბირინთებში შესაღწევად და ამათუიმ დროის ქერქში ჩასაჯდომად, ილია ჭავჭავაძე იდეალად რომ გვისახავდა სწორედაც დროის ქერქის შეგრძნებას გარდასული ჟამის იდუმალი მაჯისცემის მისაყურადებლად.
დადგება ის დროც, როდესაც თამაზ ნატროშვილის ისტორიულ ნოველებს სკოლის სახელმძღვანელოებშიც მიუჩენენ ადგილს – როგორც ისტორიისა, ისე ლიტერატურისა.
და საერთოდაც:
ერთ-ერთ საყრდენად დადგინდება ქართველი ახალგაზრდობის სულიერი ჩამოყალიბებისათვის, და ახალი და ახალი თაობებიც ისევე გაიზრდებიან ამ წიგნებზე: „მაშრიყით მაღრიბამდე” იქნება, 1წელი ერთი და ათასი” თუ კიდევ ის სერიები, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე მიმობნეულნი ერთად შეკონვას რომ ელოდებიან – როგორც 70-იანი თუ 80-იანი წლების ახალგაზრდები ვიზრდებოდით ამ კიდევ ერთ მიღწევაზე ისტორიოგრაფიისა და მწერლობის გადაკვეთისა, ხელიხელსაგოგმანებელზე.
და ჩვენი დროებაც რომ წარუდგენს შთამომავლობას თავის მონაპოვარს, თუ რა შევძინეთ ჩვენი ლიტერატურისა და კულტურის საგანძურს ძვირფას თვლებად თუ ოქროს ზოდებად, ამ რკალში უთუოდ მოექცევა თამაზ ნატროშვილის დაუმცხრალ ძიებათა გვირგვინიც, როგორც დასტური ჩვენი ცხოვრების დრამატული ხანის შინაგანი სისავსისა.
მოექცევა ხელიხელსაგოგმანებლად“… – წერს როსტომ ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები