“2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილ და ტრანსპორტირებადაწყებულ ავტომობილებს არ შეეხებათ ეს ცვლილებები” – ალექსანდრე დარახველიძე
“ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის პირველი აპრილიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ 2026 წლის პირველ აპრილამდე შეძენილი და ტრანსპორტირებადაწყებულ ავტომობილებს არ შეეხებათ ეს ცვლილებები, ხოლო თუკი ჩვენი მოქალაქეები 2026 წლის პირველი აპრილის შემდგომ საზღვარგარეთ შეიძენენ ავტომობილს, გადაწყვეტენ ქვეყანაში ჩამოყვანას, რეგისტრაციას და ქვეყნის ტერიტორიაზე მისით სარგებლობას, მათ მოუწევთ, რომ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც დადგენილებაში არის განსაზღვრული”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დარახველიძემ განმარტა, ავტომობილი უნდა იყოს 6 წელზე ნაკლები ასაკის და უნდა იყოს ევრო 5-ის სტანდარტის.
„აღნიშნული ცვლილება არ ეხება ისეთი ტიპის ავტომობილებს, რომელიც ქვეყანაში არ რჩება და გადის რეექსპორტზე. გარდა ამისა, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ავტომობილს, რომელიც ქვეყანაში უკვე შემოყვანილი და რეგისტრირებულია. ბუნებრივია, ეს არის მტკნარი სიცრუე. ის ავტომობილები, რომელიც უკვე ჩვენს მოქალაქეებს შეძენილი აქვთ და სარგებლობენ საქართველოში, ისევ ისე გააგრძელებენ მათ განკარგვას.
დღემდე ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საცობები, რომელიც გამოწვეულია გაზრდილი მობილობით და ქვეყანაში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობით. ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას უჩენს ვალდებულებას, რომ პერიოდულად მიიღოს ცვლილებები იმისთვის, რომ ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები გადადგას“, – დასძინა ალექსანდრე დარახველიძემ.