მარიამ ქვრივიშვილი: აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გავლენიანი ინფლუენსერებისა და ბლოგერების საქართველოში სტუმრობის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად აქტიური მიმართულების ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე

„ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო ინფლუენსერებსა და ბლოგერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ-დან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. მათ ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავთ და თავიანთ სფეროში საუკეთესო სპეციალისტებად მიიჩნევიან.

ინფლუენსერები და ბლოგერები მოამზადებენ პუბლიკაციებს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების, ქვეყნის სამთო კურორტებისა და სამოგზაურო – სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ, გამოაქვეყნებენ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს საქართველოსა და მისი ლამაზი ბუნების, უნიკალური სამზარეულოს, ტურისტული და კულტურული ღირსშესანიშნაობების და სტუმარმასპინძლობის თაობაზე. მოველით, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტულად აქტიური ქვეყნის ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე, ასევე პოპულარიზებას გაუწევს ზამთრის ტურისტულ სეზონს.

ინფლუენსერებსა და ბლოგერებს თავად აქვთ შესაძლებლობა, ნახონ და გამოსცადონ ტურისტული ინფრასტრუქტურა სამთო კურორტებზე და თავისი შთაბეჭდილებები სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციურ მოგზაურებს გაუზიარონ. მოველით, რომ მათი აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სწრაფ აღდგენას, ასევე დაგვეხმარება მიზნობრივი ბაზრებიდან უფრო მეტი მაღალმხარჯვეუნარიანი მოგზაურის მოზიდვაში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც გუდაურში საერთაშორისო სამთო მოგზაური ბლოგერებისა და ინფლუენსერების 15-კაციან ჯგუფს უმასპინძლა. ისინი საქართველოში სამოგზაურო პლატფორმა Steller – თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID – ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს გუდაურის სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რომელსაც ეს კურორტი სამთო სპორტის მოყვარულებს სთავაზობს, მათ შორის, თხილამურით და სნოუბორდით სრიალს, ჰელისკის და სხვა სათავგადასავლო აქტივობებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური დაათვალიერებს საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობა არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები ნახავენ გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს და შექმნიან ფოტო – ვიდეო და ტექსტურ კონტენტს ქვეყნის ზამთო – ტურისტული პოტენციალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები