გია ვოლსკი: სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი გახშირდა – ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს
“მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა. ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი.
“ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გაიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ. ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გარეთ გასვლა. მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე მას აქვს ჩადენილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.