თამარ გაბუნია: 12 კლინიკისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეჩერება სტანდარტული პროცესია
„ეს პროცესი არის მიმდინარე სტანდარტული პროცედურა, რომელიც განხორციელდა მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის დროს – ამაში ახალი არაფერია”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საწოლფონდის შემცირებასა და 12 კლინიკისთვის კოვიდმიმღების სტატუსის შეჩერებას უკავშირდება.
„სისტემაში მწვავე მოვლის 12 ათასი საწოლი გვაქვს. 12 ათასი საწოლიდან 9 912 საწოლი მობილიზებულია კოვიდის მიზნებისთვის. როდესაც მობილიზებული საწოლფონდის დატვირთა მცირდება 50%-ის ქვემოთ, ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეულ კლინიკებს უგზავნის წინასწარ შეტყობინებას, რომ თუ არ იქნება მათი მობილიზაციის გაგრძელების საჭიროება, შეუძლიათ, საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ, რადგან საჭიროება სხვა მიმართულებითაც არსებობს.
ეს პროცესი არის მიმდინარე სტანდარტული პროცედურა, რომელიც განხორციელდა მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის დროს. ახლაც, როდესაც ვნახავთ, რომ საწოლების საჭიროება არსებობს, კლინიკები ისევ მიიღებენ თხოვნას, რომ დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში, ეს არის აქტიური მართვის პროცესი, ამაში ახალი არაფერია. ეს არის ის, რასაც სულ ვაკეთებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.