თინა ხიდაშელი: საქართველოსთვის უფრო საყურადღებო უკრაინის საზღვარზე მიმდინარე პროცესები მგონია

 

“რუსეთი აუცილებ­ლად მოითხოვს ფასს და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, ყაზახეთს მისი გადახდა მოუწევს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთობლივად მოახერხეს სიტუაციის ჩაწყნარება”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ის, რომ ყაზახეთში რუსული ტრიუმფი შედგა, ნამდვილად ამძიმებს ვითარებას, თუმცა, საქართველოსთვის უფრო მეტად საყურადღებო უკრაინის საზღვარზე მიმდინარე პროცესებია.

“იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც შეთქმულების თეორიებითა და კონსპირაციული იდეებით იკვებება. დაუჯერებელია, რომ ხალხის მასშტაბური გამოსვლა ვიღაცის ორგანიზებულია. შეუძლებელია მთელ ქვეყანაში ხალხი მასშტაბურად ქუჩაში გამოიყვანო. ახლა ყაზახეთის დიდ ქალაქებში კი არა, სოფლებშიც დემონსტრაციებია. შესაბამისად, ულოგიკოა ვარაუდი, რომ ვიღაცის მაგიური ხელი მართავს ყველაფერს. ხალხი ქუჩაში მთავრობის არასწორ პოლიტიკას გამოჰყავს. თუმცა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მოძრაობა. ცენტრალურ აზიაში დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე ძალები ან არ არიან, ან უკიდურესად მცირეა. თავისი არსითა და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები პოლიტიკური და სოციალური მღელვარების ჩარჩოებში ვერ ეტევა. როდესაც პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს, როდესაც დღის წესრიგი ქაოსურია და ხელისუფლებაც ძალადობს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ის შედეგიანი ვერ იქნება. რაც უფრო სისხლიანი და ძალადობრივი იქნება პასუხი, ხელისუფლებას უფრო გაუჭირდება მოსახლეობის დამორჩილება… ყაზახეთის პრობლემა ის არის, რომ ყოფილი საბჭოეთის ევროპული ნაწილისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველოსაც მივაკუთვნებ, საკმარისი დემოკრატიული რესურსი არა აქვს. იქ არ არის თავისუფალი მედია, რაც ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია… მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი პოლიტიკური ექსპერტები ჰყავთ, ინსტიტუციურად ფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. ქუჩაში გამოსულ ხალხს სჭირდება ავტორიტეტი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს, რისი დეფიციტიც ძალიან მწვავედ დგას ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ნაზარბაევმა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკა გააქრო. ამიტომაც ამ მოძრაობაზე ოპტიმისტური დამოკიდებულება არა მაქვს. ნებისმიერი რევოლუციური მოძრაობა მაშინ არის შედეგიანი, როცა ფუნდამენტური ცვლილება მოაქვს. თუ რეფორმატორები, რომლებიც ცვლილებებს თავიანთ თავზე აიღებენ, არ არსებობენ, ცვლილება შეუძლებელია. ასეთი ორგანიზებული ინსტიტუციური ძალა კი, ყირგიზეთის გარდა, ცენტრალური აზიის არც ერთ ქვეყანაში არ არის… “დასახმარებლად” მისული რუსული ჩექმა ნამდვილად ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას. არც ის არის სიახლე, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიში აქვს ყაზახეთთან და ეს არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ, დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული და უეფექტოა.

ნაზარბაევს ნამდვილად ეკუთვნის კრედიტი იმისთვის, რომ რეგიონის კონიუნქტურის გათვალისწინებით ქვეყანა რუსეთის ორბიტას ჩამოაცილა. ამასთან, ძალიან გონივრული პოლიტიკა ჰქონდა ჩინეთთან – სტრატეგიული ეკონომიკა ჩინური ეკონომიკით დააბალანსა, გონივრულად თამაშობდა ევროკავშირთანაც. ბოლო პერიოდს თუ გამოვაკლებთ შევარდნაძის მმართველობას, დაახლოებით ისეთივე ტიპის მმართველი იყო ნაზარბაევიც – მუდმივად ბალანსის პოლიტიკით მუშაობდა და ცდილობდა მის ქვეყანას ვინმესთან მთლად ბატონყმური ურთიერთობა არ ჰქონოდა. დღეს ეს ბალანსი რღვევის პირასაა, ვინაიდან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ჯარებს კი ვუწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში ყველამ იცის, რომ იქ რუსები­ სრულფასოვნად ბრუნდებიან და ტოყაევს ხვალ-ზეგ მათთან თანასწორ პირობებში საუბარი გაუჭირდება.

რუსეთი აუცილებ­ლად მოითხოვს ფასს და როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, ყაზახეთს მისი გადახდა მოუწევს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ერთობლივად მოახერხეს სიტუაციის ჩაწყნარება. რუსეთს იქ შესვლის სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან ყაზახეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრია, პრეზიდენტმა ტოყაევმა თავად გააკეთა მიმართვა დახმარების შესახებ და რუსეთმა ეს შანსი მაშინვე გამოიყენა. სამწუხაროა, რომ იქ რუსები შევიდნენ, თუმცა სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო. ცინიკური ის არის, რომ ამ დოკუმენტზე ხელი მოაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქოს ბედის ირონიით სწორედ ამ პერიოდშია ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდხანს იქნება შავ ლაქად”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ჟურნალისტის კითხვაზე – “ქართველი საზოგადოების ნაწილი ნიშნისმოგებითაც კი ამბობს, ყაზახმა ერმაც კი გვაჯობა და გამოიღვიძაო…” – ხიდაშელი პასუხობს:

“მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვისაც შურთ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების – უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენ მაინც ძალიან წინ ვართ. დემოკრატიული მოძრაობის, რესურსისა და პოტენციალის მხრივ ჩვენსა და ყაზახეთს შორის დაახლოებით ისეთი მასშტაბის სხვაობაა, როგორიც საქართველოსა და ბალტიისპირეთს შორის. ამიტომ იმის ძახილი, ყველა გვჯობნისო, ძალზე არასერიოზულია. ისეთი არაფერი ხდება ყაზახეთში, რაც ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ფორმით თუ ვარიაციით გავლილი არ ჰქონდეს – სამოქალაქო ომით თუ ერთმანეთისთვის ტყვიის სროლით.

“რუსეთს საქართველოში შემოსვლისთვის მიზეზი არ სჭირდება. ფორმალურად ასეთი საფრთხე არ არის, რადგან ურთიერთვალდებულების რეჟიმში არ ვიმყოფებით, არც ერთობლივი ორგანიზაციის წევრები ვართ, მაგრამ პუტინს ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შეტევისთვის საბაბის ძებნა არასდროს დასჭირდება. ის, რაც ახლა ყაზახეთში ხდება, უაღრესად მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა მორიგი სამხედრო წარმატება არ უნდა იგემოს. ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება. ისიც საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას შეეხება – შესაძლოა ცენტრალურ აზიაში ერთგვარი დისბალანსიც გაჩნდეს. ის, რომ ყაზახეთში რუსული ტრიუმფი შედგა, ნამდვილად ამძიმებს ვითარებას, თუმცა საქართველოსთვის უფრო მეტად საყურადღებო უკრაინის საზღვარზე მიმდინარე პროცესები მგონია. პუტინ-ბაიდენის შეხვედრის შედეგზე ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს სამეზობლო პოლიტიკაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საზოგადოდ, მსოფლიოში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები