ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დისკუსიის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური ლანდშაფტის გამოწვევები, არსებული გაურკვევლობები და მომავლისთვის მზადება იყო. დისკუსია ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარის, ენდრიუ ბეილის მოხსენებით გაიხსნა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა.

დისკუსიის ფარგლებში სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ და სომხეთმა წარმატებით დანერგეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა.

ნათია თურნავამ კოლეგებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ახალი, რისკების ანალიზისა და მართვის ჩარჩო და დეტალურად ისაუბრა მონეტარული კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე.

„ეროვნული ბანკი სისტემატურად ამზადებს ანალიზს შესაძლო ეკონომიკური განვითარების სცენარებზე, რაც საშუალებას აძლევს ინსტიტუციას დროულად დაგეგმოს ნაბიჯები და უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა. ეს მიდგომა ზრდის მონეტარული პოლიტიკის სანდოობას და აძლიერებს ბიზნესისა და ფინანსური სექტორის ნდობას ეროვნული ბანკის მიმართ, განსაკუთრებით გარე რისკებისა და არაპროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს პირობებში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე დადებითად შეაფასა სსფ-ის მიერ ორგანიზებული მსგავსი დისკუსიები და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გაცვალონ მოსაზრებები, თუ როგორ გახადონ თავიანთი პოლიტიკა უფრო ეფექტიანი ისეთ გარემოში, სადაც იზრდება რისკები და არაპროგნოზირებადობა.

„ამ პლატფორმის საშუალებით ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული დეპარტამენტი აქტიურად უწყობს ხელს,“ – აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები