“რაზე დგას ქართული პოლიტიკა? რაც ახალი წლის წინა დღეებში ვნახეთ, ოპოზიციის არათანმიმდევრულობის, უპრინციპობის სახესაც აჩვენებს” – გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ქართულ; პოლიტიკაზე, კერძოდ კი, მასში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობით, ოპოზიციის როლზე საუბრობს.

“კვირა” გიორგი ცუცქირიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“რაზე დგას ქართული პოლიტიკა? ეს საკითხი დღეს მეტად აქტუალურად მოჩანს. პირველ რიგში, ოპოზიციას ეხება, რადგან ის წარმოადგენს ხელისუფლების ალატერნატივას და სწორედ ოპოზიციის ოპონირების ხასიათზეა დიდწილად ხელისუფლების მმართველობის ადექვატურობის მახასიათებელიც დამოკიდებული.

ოპოზიციის ნებელობა და ხარისხობრივი ოპონირება არის თანამედროვე დემოკრატიების მთავარი შემადგენელიც. აქ კონტრარგუმენტად არც ყოფილი სსრკ გამოდგება და არც ირანი და არც ე.წ დახურული ავტოკრატიის სხვა ქვეყნები. რადგან საქართველო დღეს ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნებში გადის, სადაც ოპოზიციის შეზღუდვაზე საუბარი არასერიოზულია. ოპოზიციას ფინანსებთან წვდომის პრობლემაც ნაკლები აქვს, სულაც ბიუჯეტიდან აქვს დაფინანსება კომერციულ კომპონენტს თავიც, რომ დავანებოთ და ტელეეთერის პრობლემაც მით უმეტეს, არა აქვს. სულ მინინუმ 7 არხია ხელისუფლების ოპონირების რეჟიმში.

რაც ჩვენ ახალი წლის წინა დღეებში ვნახეთ, წამყვანი ოპოზიციური ფლანგის “ნაციონალური მოძრაობის” კოლექტიური შიმშილობის აქტით და მისი ასევე უეცარი შეწყვეტით, ოპოზიციის არათანამიმდევრულობის, კრეატივისგან დაცლის, სექტანტურ გადახრას და უპრინციპობის სახესაც აჩვენებს, რადგან ოპოსპექტრის დიდი ნაწილი ნაციონალების იდეურ განშტოებას ან მის ორბიტაზე მბრუნავ ჯგუფებს უფრო წარმოადგენენ.

უკვე რეალურად გამოჩნდა, რომ ქვეყნის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, რომელიც თავის დროზე მართველი ძალა იყო მთელი 9 წლის მანძილზე, მთლიანად ატროფილებულია პოლიტიკისაგან და რეალურად მიშა სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებულ სექტანტურ მოძრაობას უფრო წარმოადგენს, სადაც მთავარი პრინციპი ბელადომანიაზეა აგებული და “მიშამ თქვა, ღმერთმა თქვა”-ს სტიგმადაც არის ქცეული. მმართველობის ვერტიკალურ და მით უმეტეს ჰორიზონტალურ სტილზე აქ აღარც არის საუბარი.

დღევანდელი მოცემულობიდან აბსოლუტურად უსუსურად მოჩანს სააკაშვილის მართველობის რეფორმატორულ ხასიათზე მინიშნებებიც. თუ ადამიანის უფლებების იძულებით შეზღუდვებზე მიდგება არგუმენტაცია, რეფორმის ხასიათის გასამართლებლად, სააკაშვილის რეფორმაცია ახლოსაც ვერ მივა პინოჩეტის და რო დე უს რეფორმებთან, რამაც ჩილე და სამხრეთ კორეა მსოფლიოს წამყვან მწარმოებელ ეკონომიკებად აქცია.

სააკაშვილის მმართველობის სტილი, სააკაშვილი რეგიონალურ “დემოკრატიის შუქურად”, რომ უტრირდება, არც️ ელიტური კორუფციის ნაკლებობას განიცდიდა, არც ნეპოტიზმის და რუსეთთან სამარცხვინოდ წაგებულ ბლიცკრიგს თავიც რომ დავანებოთ, რასაც ქართული ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა, არც ბიზნეს ტერორი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები არ ყოფილა უცხო ხილი, მართალია, პინოჩეტთან შედარება ნამეტანი იქნება, მაგრამ რო დე უს კი ნამდვილად შეშურდებოდა.

კიდევ უფრო მიუღებელია, პოლიტიკაში დარჩენა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა, მიუხედავად პრეზიდენტობის ორი კონსტიტუციური ვადის ამოწურვისა, და უპრეცედენტოა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, რაც ასევე მაქსიმალურად იჩქმალება, თუმცა მიუღებელს ხდის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის. პირველ რიგში არჩევნებზე, რომ არ მიდის იმ საკმაოდ დიდი ნაწილისათვის, ელექტორატის ლამის ნახევარს რომ შეადგენს. მისი პირადი ცხოვრება და ბოჰემა, ხომ ცალკე თემაა და უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა და მის პოლიტიკურ კარიერასაც წერტილი დაესმებოდა ნებისმიერ დასავლური ტიპის ქვეყანაში, აქ პირველ რიგში ამ საკითხზე კათოლიციზმის მკაცრი დამოკიდებულება მაქვს მხედველობაში.

ამ ტიპის, მთლიანად დისკრედიტირებული და მარგინალიზაციის გზაზე მდგარი ოპოზიციის პირობებში, ქვეყანას ძალიან გაუჭირდება თანამედროვე გამოწვევებისათვის გამკლავება. პრობლემა ის კი არ არის, რომ “ქართული ოცნება” დიდი ალბათობით მოიგებს როგორც 2024 წლის, ასევე 2028 წლის არჩევნებსაც, არამედ პრობლემა საზოგადოების პოლიტიკიდან სულ უფრო მზარდი გაუცხოება და ქვეყნის აღმშენებლობაში ნაკლებად ჩართულობაშია საძიებელი. იაპონიასაც მართავს 2009 წლიდან, 13 წლის მანძილზე ერთი პოლიტიკური ძალა “დემოკრატიული პარტიის” სახით, მაგრამ იაპონიას არც ოპოზიცია დაეწუნება, არც დემოკრატია და ეკონომიკითაც მსოფლიოს ათეულში შედის და მანამდეც თითქმის ნახევარი საუკუნე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია იყო ქვეყნის სათავეში.

ოპოზიციამ არა უბრალოდ წააგო ბოლო ორი არჩევნები, არამედ დღემდე ვერ გამოვიდა ნაციონალური მოძრაობის და მიშა სააკაშვილის აურიდან. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადგილობრივზე მათი რეიტინგების ვარდნაც ამის მაგალითია.

ყველაფრის მუქ ფერებში წარმოსახვა და პოზიტივისაგან დაცლილი დღის წესრიგი, რაც ხელისუფლებაზე გაბრაზების ეფექტზე იყო გათვლილი, ისევ ოპოზიციისათვის აღმოჩნდა წამგებიანი, იწვევს რა დეპრესიას და აპათიას მოსახლეობაში, რაც არჩებნებზე არ მისვლაზეც აისახა. გარდა ამისა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ოპოზიციას სურს დახატოს. ამას საერთაშორისო კვლევები და შეფასებებიც ადასტურებს, რაც ქვეყნის გაზრდილ და გაუმჯობესებულ რეიტინგებშია ასახული, ყველა იმ საკითხზე რაზეც ოპოზიცია აპელირებდა და საპირისპიროს ამტკიცებდა. იქნება ეს კორუფციის ინდექსი, ეკონომიკის გახსნილობის მაჩვენებელი, მთავრობის ეფექტურობის შეფასება თუ დემოკრატიის ხარისხი, მათ შორის როგორც გამოხატვის, ისე წამებისგან თავისუფლების თვალსაზრისით.

მთლიანად გაქარწყლდა ოპოზიციის შეფასებები ეკონომიკაზე, და მოსალოდნელ სოციალურ კატასტროფაზე. პოსპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზზე სწრაფადაც კი მოხდა, და ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე გავიდა.

ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე და ამ დროს არც ერთ აქტუალურ თემაზე არ მიდის დებატი. იპოზიცია იმაზეც კი ვერ ოპონირებს ეკონომიკის გაცილებით სწრაფი ზრდის მისაღწევად და შესაბამისად სიღარიბის დასაძლევად, რა ინსტრუმენტები შეიძლება იყოს შემოთავაზებული. რაღა შორს წავიდეთ, აგერ რაღაც უახლოეს ათ დღეში რუსეთ-დასავლეთის სერიოზული დიპლომატიური უვერტურის გაგრძელება იწყება მსოფლიოს დღის წესრიგში, რაც ჩვენს მომავალზეც იქონიებს გავლენას და ამ დროს აქ სრული სიჩუმეა. არადა პირიქით უნდა იყოს, ოპოზიციაც დღის წესრიგს სწორედ ამ თემებზე უნდა ქმნიდეს. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ისევ სააკაშვილის თემის ირგვლივ ტრიალებს და ჯერ-ჯერობით სურვილიც კი არა აქვს ამ თემების გააქტიურების. არადა სურვილის შემთხვევაში ამის ბევრი საშუალება არსებობს, როგორც საკუთარი პარტიული ტელევიზიებთ, ისე სოციალური ქსელებით პოლემიკის დასაწყებად. არ დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე ტრამპმა სულაც სოციალური ქსელით მოიგო არჩევნები.

ამიტომაც აქვს აზრი დაკარგული ვადამდელ არჩევნებსაც, და რაც უფრო ადრე გაიაზრებს ამ მოცემულობას ოპოზიციის ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ეს ყველაზე ნაკლებად ე.წ საფანჩატურეთის ნაწილს ეხება, პირველ რიგში ისევ მათთვის იქნება უკეთესი.

მართალია, ამ ტიპის დასუსტებული და დისკრედიტირებული ოპოზიცია, სამომავლოდ კარგი არც ქვეყნისათვის და არც მართველი ძალისათვის არ არის, მაგრამ დღეს პრობლემა დგას არა იმდენად “ქართულ ოცნებაში”, რამდენადაც ოპოზიციის საერთო სისუსტეში.

2024 წლისათვის მხოლოდ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ რაიმე წარმატების შანსი, ვინც დროულად გამოვა ნაციონალების პოლიტიკური აურიდან და დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარი ხედვების და პლათფორმის შეთავაზებისათვის და სამომავლოდ ოცნების ალტერნატივაზე განაცხადებს პრეტენზიას. და ამის რესურსი ნამდვილად არსებობს”,-წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები