„საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ „კრაკადილის“ მოხმარების 90%-იანი კლება მივიღეთ“

შსს-ს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ნარკოტიკულ საშუალებათა არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლა რჩება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარა კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომელთაგან კუსტარული ნარკოტიკები მზადდებოდა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ,,კრაკადილთან“ მიმართებაში სახეზეა მოხმარების 90%-იანი კლება.
“შსს აქტიურად მუშაობს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარა კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომელთაგან მზადდებოდა კუსტარული ნარკოტიკები. გამკაცრდა პასუხისმგებლობა აფთიაქის მფლობელთა და აფთიაქში დასაქმებულთათვის. ცვლილებების განხორციელებამდე უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ნივთიერებები ლეგალურად შემოედინებოდა საქართველოში და თავისუფლად რეალიზდებოდა აფთიაქებში.
2012 წელს საქართველოში მხოლოდ კოდეინის შემცველი კომბინირებული საშუალებების 15 000 000 აბის იმპორტირება მოხდა. 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე განხორციელებულმა შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ აფთიაქების ერთობლივმა ინსპექტირებამ აჩვენა, რომ 99,99%-ის გადინება ხდებოდა არალეგალურ არხებში; საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ,,კრაკადილთან“ მიმართებაში სახეზეა მოხმარების 90%-იანი კლება. ერთობლივი ინსპექტირების საფუძველზე ხორციელდება ქვეყნის შიდა კვოტების დადგენის მოსამზადებელი პროცედურები, რის შედეგადაც უახლოეს მომავალში გარკვეულ ნივთიერებებზე დადგინდება აღნიშნული კვოტები ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე; „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, დაწესდა პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ცალკეულ ე.წ. ბიოებსა და სპაისებზე, არამედ ქიმიურ ნაერთთა მთელს კლასებზე. ეფექტიანად ხორციელდება კანონის აღსრულებაც. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მინიმუმამდეა შემცირებული ინტერნეტით ამ ნივთიერებების გამოწერა და ფოსტის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა.
2014 წლის მაისიდან შსს-სა და შემოსავლების სამსახურის კინოლოგები ერთობლივად ახორციელებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოდინების აღკვეთის ღონისძიებებს. ქვეყანაში ნარკოტიკებისა და პრეკურსორების უკანონო შემოტანის ძირითად მიმართულებებზე (აეროპორტები, საზღვაო პორტები, საავტომობილო გზები) კონტროლისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების შედეგად, მიმდინარე წლის 2014 წლის 14 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა 2.79 ტონა თხევადი ჰეროინი“,- განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები