რუსეთის საჰაერო თავდასხმას უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაცია, ქალაქის ხელისუფლებამ გაავრცელა.
უკრაინის სამხედროების განცხადებით, რუსეთის ძალებმა დედაქალაქზე მასირებული დარტყმა განახორციელეს ღამით, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა თითქმის 600 დრონი და 30-ზე მეტი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ისროლა – ეს ამ თვეში დედაქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებსა და თემებზე თავდასხმა კრემლის მხრიდან ნათელი პასუხი იყო ყველასთვის, ვინც კვირების და თვეების განმავლობაში მოუწოდებდა „ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიისკენ“.
“კრემლმა მოლაპარაკებების მაგიდის ნაცვლად ბალისტიკა აირჩია“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ადგილზე მაშველები მუშაობენ, მიმდინარეობს ნანგრევებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.