შს მინისტრი: ქვეყნის მასშტაბით საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა
ქვეყნის მასშტაბით საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალექსანდრე ჭიკაიძემ შს სამინისტროს მიერ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.
“2014 წლის აპრილში დასრულდა დაბა გუდაურში პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. 2014 წლის ივნისიდან თბილისში, გამსახურდიას გამზ.N46-ში მიმდინარეობს პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2014 წლის ნოემბერში. ასევე, თბილისში, მცხეთაში, ბათუმსა და დაბა ჩაქვში მიმდინარეობს შსს–ს სხვადასხვა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები; საპატრულო პოლიციაში 2014 წელს შეიქმნა გურიის მთავარი სამმართველო და 2 მაისს ექსპლოატაციაში შევიდა აღნიშნული მთავარი სამმართველოს შენობა; 2014 წლის 20 ივნისს გაიხსნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სახაზო განყოფილების ახალი შენობა საჩხერის რაიონში. გაიხსნა ახალი საგუშაგო სოფელ ჯოყოეთთან; გაგრძელდება შსს–ს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის 120 – კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე ქალაქ საჩხერესა და ქალაქ ჭიათურაში არ ვრცელდებოდა საპატრულო პოლიციის მომსახურება. ახალ სახაზო განყოფილებას აღნიშნულ მონაკვეთზე პატრულირებისთვის გადაეცა 7 საპატრულო მანქანა; ქვეყნის მასშტაბით 10%-მდე გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, გაფართოვდა მოქმედების არეალი, დაიფარა აქამდე აუთვისებელი მიმართულებები; ახალი თაობის ავტომობილებით განახლდება საპატრულო პოლიციის ავტოპარკი“, – აღნიშნა მინისტრმა.
შს უწყების ხელმძღვანელის თქმითვე, იზრდება და იხვეწება შსს-ს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შესაძლებლობები. როგორც მინისტრმა განმარტა, სამინისტრო აღიჭურვა რადიოაქტიური ნივთიერებების საექსპერტო კვლევის მოწყობილობებითა და სპეციალური საშუალებებით, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია რადიოაქტიური ნივთიერებების სრულყოფილი საექსპერტო კვლევა როგორც ლაბორატორიულ, ისე საველე პირობებში.
“სამინისტროში წარმოებს 500-მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ე.წ. „ბიო“, „სპაისი“) თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი. ახალი ავტომატიზებული ბალისტიკური იდენტიფიკაციის სისტემა BalScan შესაძლებელს ხდის შედარებითი ბალისტიკური კვლევის ჩატარებისათვის საჭირო დროის რამდენიმე თვიდან 15-20 წუთამდე შემცირებას. დაგეგმილია ექსპერტიზის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება“, – აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.