ირაკლი ალასანია: ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა 750-მდე შემცირდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, ავღანეთში ქართველების არასაბრძოლო მისია გაგრძელდება. თუმცა მისივე თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა 750-მდე შემცირდა.
“მომავალ წელს გაგრძელდება ავღანეთში ჩვენი მისია, არასაბრძოლო მისიის კუთხით. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება პრემიერთან ერთად, შევამციროთ ნახევრამდე, 750 ჯარისკაცამდე. ჩვენი სამხედროების მონაწილეობა  ნატოს მომავალ ოპერაციაში და განთავსების ადგილები, ძირითადად, იქნება მაზარში, სადაც გვეყოლება გერმანულ კონტინგენტთან ერთად შეიარაღებული ძალების ერთი ასეული და ასევე ერთი ბატალიონი ბაგრამსში, ამერიკელებთან ერთად. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს შესაბამისი წვრთნები და საბრძოლო მომზადების დონე, აღჭურვილობა იძლევა იმის სრულ საფუძველს, რომ ჩვენი მომავალი მისიაც  წარმატებული იქნება”, – განაცხადა ალასანიამ.
მინისტრის თქმით, შეიარაღებულ ძალებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
“თავიდან ბოლომდე ორი ყაზარმა აშენდა, გარემონტდა 32 ყაზარმა, აშენდა თავიდან 4 სასადილო, რემონტდება რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოემსახურება ომში დაჭრილ სამხედროებს, ასევე – ამპუტირებულებს. 18 ამპუტირებულს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით გაუკეთდათ ე.წ. ბოლო დონის ჩიპიანი პროტეზები. ეს პროგრამა გრძელდება. არა მხოლოდ ავღანეთსა და აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დაჭრილებზე, არამედ 90-იან წლებიდან დღემდე. ჯამში განხორციელებული მსხვილი და წვრილი პროექტები წარმოადგენს 126-ს, სამუშაოები დღესაც  15 ადგილას მიმდინარეობს”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები