“საია-ს განცხადებამ, “მაყურებლების” არსებობის თაობაზე N8 დაწესებულების პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია”

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „საიას“ პასუხობს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საია“ -ს განცხადებამ, ე.წ. “მაყურებლების” არსებობის თაობაზე N8 დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა პატიმრებმა წერილით მიმართეს როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ისე სახალხო დამცველის ოფისს და პატიმრებმა მოითხოვეს ციხეში ორგანიზაციის წარმომადგენლის შესვლა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერილს არ გამოხმაურებია და არც მისი წარმომადგენელი გამოუგზავნია.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პატიმრებზე დაყრდნობით, არაერთხელ გაავრცელა განცხადება N8 დაწესებულებაში ე.წ. “მაყურებლების” სავარაუდო არსებობის შესახებ, რასაც არ ეთანხმებიან განცხადებაში დასახელებული მსჯავრდებულები და სიმართლის დადგენას მოითხოვენ. პირველივე განცხადების გავრცელების შემდეგ, აღნიშნულმა პატიმრებმა წერილით მიმართეს როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ისე სახალხო დამცველის ოფისს და მედიასაშუალებებს. მათ მოითხოვეს ორგანიზაციის წარმომადგენლის შესვლა ციხეში და მსჯავრდებულ შავლეგ გურგენიძის ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობის ადგილზე დადგენა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერილს არ გამოხმაურებია და არც მისი წარმომადგენელი გამოუგზავნია. დღეს განმეორებით გაკეთებულმა განცხადებამ, დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც, 30-მდე წერილი გაეგზავნა როგორც საია-ს, ისე სახალხო დამცველის ოფისსა და სხვა ორგანიზაციებს, მაგრამ სამწუხაროდ, საია არც ამ წერილებით დაინტერესებულა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მზად არის, გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას. რაც შეეხება, მსჯავრდებულის ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტს, რომ თითქოს ე.წ. მაყურებლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს სიმართლესთან, რადგან N8 დაწესებულება არის ნახევრად დახურული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. დაწესებულების დებულებით, პატიმრები განთავსებული არიან საკნებში და მათ მხოლოდ ერთსაათიანი გასეირნების უფლება აქვთ. შეუძლებელია, პატიმარი თავისუფლად გადაადგილდებოდეს კორპუსიდან კორპუსში ან საკნიდან საკანში.
რაც შეეხება შავლეგ გურგენიძესა და მის ერთ-ერთ თანასაკნელს, 20 დღის წინ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ორ თანასაკნელს, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან. პატიმრები დაუყოვნებლივ იქნენ გადაყვანილი სხვა საკანში, ხოლო საქმე გადაიგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში. სწორედ ამ ფაქტის გადასაფარად და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გასანეიტრალებლად დაიწყო გურგენიძემ აქტიურობა და განცხადებების გაკეთება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები