„ე.წ. ბუსტერის დამატების შემთხვევაში, „ომიკრონთან“ მიმართებით, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75 %-ს უტოლდება, როცა ორი ვაქცინის შემდგომ მხოლოდ 35%-ია“

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინის „ბუსტერის“ დამატების შემთხვევაში, COVID 19-ის ახალი შტამის „ომიკრონთან“ მიმართებით დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75 %-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდგომ მხოლოდ 35%-ია.

ამის შესახებ კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვირუსის ამ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს. პრაქტიკულად, ინფიცირების გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩება. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.
მისგან დაცვის შესაძლებლობა არის პირბადე და ის, რომ ადამიანი ახალ შტამს იმუნურები დახვდეს, ან გადატანილი უნდა ჰქოდნეს ინფექცია, ან ვაქცინირებული უნდა იყოს. მეტი სხვა შემაკავებელი ღონისძიებები მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.

თუ დავუშვებთ, რომ სიკვდილობასა და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით„დელტა“ ვარიანტის რისკებს შეინარჩუნებს, ეს ყველა ქვეყნისთვის ახალი ტალღისა და კატასტროფის ტოლფასია. ჯერჯერობით, მონაცემები იმის შესახებ, რომ უფრო მსუბუქია, არ არის, მაგრამ კარგია თუნდაც ის, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. მესამე – სამწუხაროდ, ბუნებრივ იმუნიტეტს და ვაქცინით შეძენილ იმუნიტეტს ეს ვარიანტი ემალება. საკმაოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები და ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებშიც ინფიცირების შემთხვევებია, მაგრამ, კარგი ინფორმაცია ის გახლვათ, რომ მესამე „ბუსტერის“ დამატების შემთხვევაში დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75 %-ს უტოლდება , როდესაც ორი ვაქცინის შემდგომ მხოლოდ 35%-ია. ადამიანებმა ვაქცინა რაც შეიძლება სწარაფად უნდა გაიკეთონ , ვისაც ეკუთვნის, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ აცრიდან 5 თვეში, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ გაკეთებიდან 3 თვეში ვაქიცინის „ბუსტერ“ დოზა უნდა დაიმატონ. ეს ერთადერთი გამოსავალია ,რათან ჩვენ წინ აღვუდგეთ ინფექციის დამაზიანებელ მოქმედებას, რომელსაც ყველა შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა იგრძნობს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები