“გარედან დავალება აქვთ მიღებული, რათა დაძაბონ სიტუაცია ხელოვნურად საქართველოში, ვინაიდან ოპოზიცია არის ბოლომდე გამარგინალებული” – მაჭავარიანი
“ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დაფინანსებულია სწორედ ევროკავშირის თანხებით და ენჯეოს აქტივისტები არიან”, – ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა, გუშინ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, “ძირითადი ბირთვი ამ აგრესიული მოქალაქეებისა ნაცების აქტივისტები არიან”.
“რატომ არ იღებენ ხმას, რატომ არის დუმილი? არ არის ეს პირდაპირ ხელის შეშლა საარჩევნო პროცესში? გარედან ეგ დავალება აქვთ მიღებული, რათა დაძაბონ სიტუაცია ხელოვნურად საქართველოში, ვინაიდან ოპოზიცია არის ბოლომდე გამარგინალებული. როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად და რაღაც საშინელი სიტყვებით გხვდება შეძახილები, ძალიან რთული არის შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ თავი შევიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ არის გამიზნული და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში დიპლომატიურ კორპუსს, რომ მოიქცნენ პასუხისმგებლობიანად და გააკეთონ თუნდაც რაღაც კომენტარი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.