კულტურის მინისტრობის კანდიდატი სამინისტროში თავისი გუნდით მოდის

კულტურის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე კულტურის სამინისტროში თავისი გუნდით მოდის. გიორგაძე მუშაობას კომპანია “ისტერნ პრომოუშენის” დამფუძნებლებთან ერთად აპირებს. გიორგაძის განცხადებით, წარმატებულად განხორციელებული საერთაშორისო ჯაზფესტივალი მყარი საფუძველია იმისა, რომ კულტურის სამინისტროც ცნობადი და წარმატებული გახდეს.
მიხეილ გიორგაძე აუდიტის დასკვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ისტერნ პრომოუშენს” აუდიტორული კომპანიის და საზოგადოების არც ერთი შეკითხვა უპასუხოდ არ დაუტოვებია. იგი ამბობს, რომ ეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ პროექტებს საბიუჯეტო თანხების ეკონომიით ახორციელებდა.
„რაც შეეხება აუდიტორულ დასკვნას, რამდენადაც მე ვიცი, იქ რეკომენდაციები სამინისტროს მიმართ იყო გაცემული და არა კომპანიის მიმართ, ხოლო კომპანიამ გაიარა ძალიან საფუძვლიანი ფინანსური შემოწმება. შესაბამის ორგანოებს არცერთ თემაზე ჩემთვის ცნობილი რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ ჰქონიათ“ ,- განაცხადა გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრესაში ერთი წლის წინ დადებული აუდიტის სამსახურის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც 2011-2012 წლების აუდიტის თანახმად, კულტურის სამინისტროსა და “ისტერნ პრომოუშენს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა. “ისტერნ პრომოუშენს” იმ პერიოდში მიხეილ გიორგაძე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები