სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე იმსჯელეს, სადაც ორგანიზაციამ, პანდემიის მიუხედავად, 12 დამკვირვებელი მოავლინა.
აღინიშნა, რომ ორგანიზაციის პოზიცია თვითმართველობის არჩევნების როლსა და მის დანიშნულებაზე, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” პოზიციას ემთხვეოდა და რომელიც სრულად იქნა გაზიარებული ეუთო/ოდირის და სხვა სადამკვირვებლო მისიების მიერ.
შეხვედრაზე მხარეები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების მიმდინარეობას შეეხნენ. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტით მოცემული სამუშაოები გეგმის მიხედვით სრულდება, სასურველია, რომ სტრატეგია უფრო აგრესიულად და სწრაფი ტემპებით განხორციელდეს, თუმცა პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო სასურველი ტემპების მიღწევა გართულებულია.
შეხვედრაზე ევროპელი სტუმარი რეგიონებში კომიტეტის გასვლითი სხდომების გამოცდილებით დაინტერესდა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, კომიტეტი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პერიოდულად გასვლით საკომიტეტო სხდომებს მართავს, სადაც დიალოგის რეჟიმში, რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს განიხილავენ. ანდრეას კიფერის განცხადებით, კომიტეტის აღნიშნული მიდგომა სხვადასხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს. კონგრესის გენერალურ მდივანთან და მის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა დაესწრო.