სანდრო თვალჭრელიძე: მერაბიშვილს მელია გულზე არ ეხატება და შეეცდება ჯერ პარტიაზე მისი გავლენის შემცირებას, საბოლოოდ კი – ჩამოშორებას

“ვანო მერაბიშვილი იჯდა ციხეში, მოიხადა სასჯელი და გამოვიდა. ეგონა, დახვდებოდნენ როგორც გმირს, მაგრამ მელიას გამო მას, ფაქტობრივად, ზურგი აქციეს, პარტიაში არანაირი თანამდებობა არ მისცეს – რასაკვირველია, მას ნიკა მელია გულზე არ ეხატება და შეეცდება ჯერ პარტიაზე მისი გავლენის შემცირებას, საბოლოოდ კი – სულ ჩამოშორებას”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტი ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“ვადამდელი არჩევნების ჩატარება საჭირო გახდება თუ არა, ეს, პირველ ყოვლისა, მთავრობის გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული. თუ არ დაუშვებენ ტრაგიკულ შეცდომებს, რაც, მაგალითად, დაუშვეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანისა და იქ ყოფნის დროს, ვადამდელი არჩევნები საჭირო არ გახდება. დავუშვათ, ჩატარდა ვადამდელი არჩევნები და ისევ დამარცხდა “ნაციონალური მოძრაობა”, თქვენი აზრით, გაჩერდებიან და ისევ გაყალბებულად არ გამოაცხადებენ არჩევნებს? რა თქმა უნდა, გამოაცხადებენ – ეს ხომ ტრადიციად იქცა! ქართველ კაცს უჭირს მარცხთან შეგუება და ამის მიზეზებს საკუთარ მოქმედებაში კი არ ეძებს, არამედ – გარეთ. გაიძახის, გამიყალბეს და ჩამიწყვესო, არადა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბოლო არჩევნები გაცილებით სამართლიანი იყო, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ატარებდა ხოლმე. კრისტალურად უშეცდომოდ და დარღვევების გარეშე არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება და მით უფრო ვერ ჩატარდება ჩვენნაირ ქვეყანაში. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ხელი შეუწყო მისი ამომრჩევლის მობილიზაციას და ბევრ მუნიციპალიტეტში აშკარაა, რომ ოპოზიციური ფრთა ძლიერია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს, მათ შორის – მისი გათავისუფლების კომიტეტის შექმნას, არ ვიცი, რა ჰგონია. თეთრ ცხენს მიუყვანენ და გორის ჰოსპიტლიდან ვახტანგ გორგასლის ძეგლივით მასზე ამხედრებულს გამოიყვანენ?! რა თქმა უნდა, ასე არ იქნება. უკვე ვხედავთ, რომ აქციებზე, ძალიან ერთგული მხარდამჭერების გარდა, ძნელად თუ ვინმე მიდის, ხალხის მასობრივი მობილიზაცია ვერ ხერხდება. გავიხსენოთ თუნდაც 23 ნოემბერს მოწყობილი ე.წ. ჯაჭვი – იმდენი ხალხიც კი არ მივიდა, რომ მოძრაობა გადაეკეტათ. ჩემი აზრით, ყველაფერი ასე კინკლაობაში გაგრძელდება და კიდევ სამი წელიწადი, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე, არ გაჩერდებიან. ესე იგი რა გამოდის? ესენი გაყალბებულად გამოაცხადებენ ნებისმიერ არჩევნებს, მათ შორის – ვადამდელსაც, ანუ ვიდრე თვითონ არ გაიმარჯვებენ, გამუდმებით ეცდებიან არეულობის მოწყობას. ასე ანგრევენ ქვეყანას. თუ გვინდა წინსვლა, ეკონომიკის განვითარება და ევროკავშირში გაწევრება, სიმშვიდე და სტაბილურობაა საჭირო. ასეთ ექსტრაორდინარულ, ფორსმაჟორულ ვითარებაში ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ საქვეყნო ინტერესებზე, თუ ფიქრობენ საერთოდ… გამოდის მამუკა ხაზარაძე და ხალხის სახელით ამბობს, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოსო. გეკითხებით, რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო ხაზარაძის პარტიამ? სულ რაღაც 2%-იანი. მაშინ მაინტერესებს, რა უფლებით ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით? ილაპარაკოს ამომრჩევლის იმ 2%-ის სახელით, რომელმაც მას ხმა მისცა. ოპოზიციის ლიდერები გამოდიან ახალ-ახალი ინიციატივებით: ვიღაცა წალენჯიხის აყვავებას აპირებს, ვიღაცა ეკონომიკური განვითარების პროექტზე ლაპარაკობს. ამავდროულად, ამბობენ, რომ აქციებია საჭირო. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტონ, რა უნდათ, თორემ ასე იმ ამომრჩეველსაც დაკარგავენ, ვინც ჰყავთ…

ახლა ყველაზე ნორმალურად გამოიყურებიან პარტიები, რომლებიც დამარცხდნენ, მაგრამ ექსტრემისტულ განცხადებებს არ აკეთებენ. თუ ასე გაგრძელდა და მათაც არ დაუშვეს ტრაგიკული შეცდომები, მომავალ არჩევნებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. უპირველესად, ვგულისხმობ გიორგი გახარიას პარტიას.ხალხს აღარ შეუძლია ექსტრემისტული განწყობებისა და პროცესის ესკალაციის ატანა, ისედაც წელში გაწყდა. ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არც მიხეილ სააკაშვილი აინტერესებს, არც – ბიძინა ივანიშვილი, მათ უნდათ, როგორმე ნორმალურად იცხოვრონ და მუდამ თავის გადარჩენაზე არ სჭირდებოდეთ ფიქრი. გაცილებით დიდი პრობლემებია ქვეყანაში, ვიდრე ეს პოლიტიკური დაპირისპირებაა, მაგრამ რაც უფრო მწვავე გახდება ეს დაპირისპირება, მით უფრო ნელა განვითარდება ქვეყანა.

გამათავისუფლეთო, რომ გაიძახის სააკაშვილი, თავის თავს დააბრალოს, რა მდგომარეობაშიც არის. არ გამოპარულიყო უკრაინიდან და არ იჯდებოდა ახლა იქ, სადაც ზის. მის გასათავისუფლებლად ფართო საზოგადოება არაფერს მოიმოქმედებს, ისევე, როგორც ამაში არ ჩაერევიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუ ისევ “ქართულმა ოცნებამ” არ დაუშვა შეცდომები და არ გაჩნდა ეჭვი, სათანადოდ ექცევიან თუ არა პატიმარ ექსპრეზიდენტს. ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში მუდმივად იქნება არეულობის ფაქტორი, ამიტომაც არის მოლოდინი, რომ ის შეიძლება გაუშვან ქვეყნიდან, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, უკრაინაში გაამგზავრონ, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაძლოა, უფრო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით გაუშვან რომელიმე მესამე ქვეყანაში, ვნახოთ. ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის განცხადებები, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ საქართველოში ყველა პირობა არსებობს და მისი სადმე წაყვანა საჭირო არ არის. ახლა სააკაშვილი თავის ტკივილია ყველასთვის – “ქართული ოცნებისთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვის” და საკუთარი თავისთვისაც კი. რატომღაც მას ჰგონია, რომ თვითონ ბელადია და მის კეთილდღეობას ყველამ ყველაფერი უნდა შესწიროს, რაც ასე არ არის. წავიდა სააკაშვილის დრო, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შედიან. კანონი მოითხოვს, რომ ის იჯდეს ციხეში და არავითარი ინსტრუმენტი მისი იქიდან გამოყვანისა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით შეწყალებას, რის თაობაზეც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამას არასდროს გააკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების დასაბრუნებლად მხოლოდ ერთ ტექნოლოგიას ხედავს – ეს არის რევოლუცია, მაგრამ 2003 წელს მას ქვეყნის გარედან ძალიან ბევრი დამხმარე ჰყავდა, ახლა ასე არ არის, თანაც, როგორც უკვე ვთქვი, ეს უკვე განვლილი ეტაპია.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას – ბატონი ფუტკარაძის გარდაცვალება ტრაგიკული შემთხვევაა, ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს… რაც შეეხება გადაბირების ფაქტს, ესეც პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ხდება სხვა, განსაკუთრებით – სამხრეთულ ქვეყნებში. მთავარია, ასეთი შეთავაზებები მუქარით არ ხდებოდეს, რასაც საქართველოში ვერ გამოვრიცხავთ. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ელიტის პრობლემა, ეს ჩვენი ცხოვრების წესია. შეხედეთ სატრანსპორტო მოძრაობას თბილისში. ქართველი მძღოლი ოღონდ პირველი იყოს და არ ფიქრობს, რომ ამით შეიძლება საფრთხე შეუქმნას თავსაც და სხვასაც… ასევეა პოლიტიკაშიც. ჯერ მე და მერე ყველა და ყველაფერიო – ეს არის ჩვენი პოლიტიკოსების დევიზი. მოკლედ, ეს ყველაფერი არახალია. ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც ხომ იმავე მენტალიტეტის ხალხია, როგორსაც თუნდაც თბილისის ქუჩებში ვხვდებით. დიახ, პრობლემა სწორედ მენტალიტეტია. “ნაციონალური მოძრაობა” რომ იყოს ახლა ხელისუფლებაში, ანუ “ქართული ოცნების” ადგილას, ვინმეს სჯერა, რომ ასე და უარესად არ მოიქცეოდნენ? ამიტომაც მთელი თაობის გამოცვლაა საჭირო, რომ ამ ქვეყანაში რაღაც მართლაც შეიცვალოს. საფრანგეთის რევოლუცია 1789 წელს მოხდა, მაგრამ ნორმალური დემოკრატიის დამყარება მხოლოდ შარლ დე გოლმა მოახერხა, ოთხი რესპუბლიკის გამოცვლის შემდეგ. ჩვენთან პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის სულ მცირე ერთი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს.

რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, არ ვიცი, თუმცა ფაქტების გაანალიზება შეიძლება… ვანო მერაბიშვილი იჯდა ციხეში, მოიხადა სასჯელი და გამოვიდა. ეგონა, დახვდებოდნენ როგორც გმირს, მაგრამ სწორედ ნიკა მელიას გამო მას, ფაქტობრივად, ზურგი აქციეს, პარტიაში არანაირი თანამდებობა არ მისცეს და თუ დღემდე გარკვეულ ჯგუფზე გავლენას ახდენს, ეს მისი პირადი დამსახურებაა და არა – შიდა პარტიული იერარქიის. რასაკვირველია, მას ნიკა მელია გულზე არ ეხატება და შეეცდება ჯერ პარტიაზე მისი გავლენის შემცირებას, საბოლოოდ კი – სულ ჩამოშორებას.

ამბობენ იმასაც, რომ თავმჯდომარეობიდან მისი გაშვება იგეგმება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უპრიანიც იყოს, რადგან მან ყველა არჩევნები წააგო, პარლამენტიდან გამოვიდა და თანაც წინ სასამართლო პროცესი ელის. ახლა ნიკა მელია ნაკლებად ხისტად იქცევა. მან დაინახა, რომ ამგვარი ხისტი მიდგომა არაფრის მომტანია. კი, იყვირებენ ქუჩაში, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. ჩემი აზრით, მელია გაცილებით რეალურად აფასებს პოლიტიკურ პროცესებს. მან უკეთ იცის, როგორია დღევანდელი საზოგადოების განწყობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა, ამიტომაც მისი პოზიცია უფრო რეალისტურია, მაგრამ, სავარაუდოდ, “ნაცმოძრაობის” ე.წ. რეაქციულ ფრთას ამის გაგება და დანახვა არ სურს. როგორ განვითარდება მოვლენები “ნაციონალურ მოძრაობაში”, გაუგებარია. ეს ერთგვარი სასწორია, ან ერთი მხარე გადაწონის, ან – მეორე. რთული სათქმელია, ის პატარა ფოთოლი, რომელიც გადამწყვეტი იქნება, რომელ მხარეს დაეცემა. მოკლედ, პატარა ბიძგი უნდა, რომ ვითარება შეუქცევადი გახდეს…

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მთავრობის მოვალეობაა. სიმართლე გითხრათ, დღემდე ჩვენ, ძირითადად, ლოზუნგები მოვისმინეთ. თავის დროზე გახარიამ მწირი, მაგრამ მაინც ეკონომიკური გეგმა გამოაქვეყნა, ისევე, როგორც ადრე კვირიკაშვილმა. ამათ ჯერ არაფერი გამოუქვეყნებიათ. უბრალოდ, თქვეს, რომ უნდა განავითარონ ეკონომიკა, აქვთ რაღაც პროექტები, მაგრამ რა ინსტრუმენტებით, როგორ აპირებენ ამას ან რომელი დარგების განვითარებას გეგმავენ, უცნობია. ვიდრე პროგრამას არ ვნახავთ, გამიჭირდება რამის თქმა.

განვითარებაზე ზრუნვა ძალიან კარგია, მაგრამ ჯერ საზოგადოება უნდა განვითარდეს სინერგიულად, ერთი დარგი მეორის დაკნინების ხარჯზე არ უნდა განვითარდეს. იმაზე, რაც საჭიროა ეკონომიკური განვითარებისთვის, მაგალითად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე, ჯერჯერობით არავის ულაპარაკია. არ ვიცი, არ უნდათ ამის გაკეთება თუ არ ესმით ამის მნიშვნელობა…

ჩვენი კანონმდებლობა მანკიერია. გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და იმისთვის, რომ თუნდაც ევროპის ნაწილად ვიქცეთ, ჩვენი ეკონომიკური კანონმდებლობა უნდა იყოს სინქრონიზებული. უცხოელ ინვესტორებს ჩვენი კანონმდებლობა ძალიანაც მოსწონთ, რადგან ისინი ფლობენ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართული კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება ღარიბაშვილის ინიციატივას ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით – ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ონლაინკაზინოებისგან მიყენებული ზიანი ჰეროინის ზიანის ტოლფასია. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის ეს დიდი ხიფათი. ხელისუფლებას ახლა საზოგადოების გულის მოგება სჭირდება და შეიძლება ის ხალხი, ვისი ინტერესებიც ახსენეთ, განტევების ვაცად აქციონ. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ კვირიკაშვილთან შედარებით, ღარიბაშვილი გაცილებით ხისტი პოლიტიკოსია. ჩემი აზრით, ბოლოს და ბოლოს, მიღებენ ამ შეზღუდვებს, რასაც მეც მხარს ვუჭერ”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები