სოზარ სუბარი: ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვება და დღეს, ამ დამოუკიდებლობას სჭირდება მოფრთხილება
ბევრი სირთულის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვება და დღეს, ამ დამოუკიდებლობას სჭირდება მოფრთხილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
„მახსოვს, პირველი მიტინგი რომ მოეწყო 1987 წლის დეკემბერში, 30-40 კაცი ვიქნებოდით, – ბატონი ზვიად გამსახურდია იყო, მერაბ კოსტავა – წერეთლის მეტროდან გავიარეთ დიდუბის ეკლესიამდე და იქ სანთლები დავანთეთ. ეს იყო ისეთი გარღვევა, რომ რაღაცნაირად მოვახერხეთ და გავიარეთ ისე, რომ არავინ არ დაგვარბია – ასე იწყებოდა ეროვნული მოძრაობა.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომაც დავუშვით ამ ეროვნული მოძრაობის წლებში – რომ არა ეს შეცდომები, დღეს, შეიძლებოდა ჩვენი მთავარი სატკივარი რაც არის – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – არ ყოფილიყო ასე სანატრელი. შეცდომები დავუშვით, რადგან ძალიან ძლიერად მუშაობდა საბჭოთა „სუკ“-ი, ძალიან ბევრი ჩანერგილი ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვება და დღეს, ამ დამოუკიდებლობას სჭირდება მოფრთხილება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.