პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შენიღბული გზით შემოიტანა ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნივთიერებას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხსენებული ფეთქებადი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც ორივე პირი დააკავეს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები