ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.
„26 მაისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია – დღე, რომელიც დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის იდეას აერთიანებს. ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათასობით ადამიანს აერთიანებს.
წელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები გაიმართება საერთო კონცეფციის ქვეშ — „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს — სიყვარული გვაერთიანებს“. აღნიშნული იდეა აისახება როგორც ღონისძიების ვიზუალურ გადაწყვეტებში, ისე პროგრამულ ნაწილში.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხეში ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ახალციხის ციხის ისტორიულ სივრცეში მოეწყობა კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, საბავშვო და ოჯახური სივრცეები, თემატური ზონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი გასტრონომიული სივრცეები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვებისთვის განკუთვნილ აქტივობებს, რომლებიც შემოქმედებით, საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ ფორმატებს გააერთიანებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში, დაესწრონ წარმოდგენებსა და მუსიკალურ პროგრამას.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი და სიმბოლური ნაწილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ისტორიულ დროს — 17:10 საათზე — საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება. დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობას ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები შექმნიან, ხოლო ღონისძიება საღამოს მუსიკალური პროგრამით დასრულდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხეში ელოდება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს, რათა ერთად აღინიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
