23 მაისს ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის – „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ – დაჯილდოება და გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. პროექტი, რომლის მიზანიც თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალი ტალანტების აღმოჩენაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.
“კონკურს-ფესტივალში მონაწილეობდნენ დამწყები ვოკალისტები, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მომღერლები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.
დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, კონსევტორიის რექტორმა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ჟიურის წევრმა ბატონმა გიორგი ვაჩნაძემ, სიღნღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.
„ვანო სარაჯიშვილის სახელი არა მხოლოდ ქართული საოპერო ხელოვნების დიდ ისტორიაზე, არამედ მის მსოფლიო მნიშვნელობაზეც მეტყველებს. დღეს, ამ ნიჭიერი ახალგაზრდების შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი მუსიკალური ტრადიციები საიმედო ხელშია. კონკურსში მონაწილე თითოეულ ახალგაზრდას დიდ წარმატებას ვუსურვებ.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, გამორჩეულ პროფესიონალებს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული“, – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა თინათინ რუხაძემ.
კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, იტალიის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა ნინო სურგულაძემ და კონკურსის ჟიურის საპატიო წევრმა მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ, სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერმა, იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის მფლობელმა იანო ალიბეგაშვილმა საკონცერტო ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა. გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობდა ,,თბილისის ქალთა გუნდი“, ხელმძღვანელი ომარ ბურდული. მათ ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს.
ჟიურის თავმჯდომარემ, ნინო სურგულაძემ დაჯილდოების ცერემონიისას იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს გზავნილი და საელჩოს ინიციატივა გააჟღერა, რაც მომდევნო კონკურსებში იტალიური არიის საუკეთესო შესრულებისთვის სპეციალური პრიზის დაწესებას გულისხმობს.
კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” SOCAR Energy Georgia, რომელიც ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მუდმივი პარტნიორია, გამოხატა სურვილი ჩართულიყო გამრჯვებულთა დაჯილდოებაში და დააწესა ფულადი პრემიები ფინალისტებისთვის, ლაურეატებსთვისა და გრან პრის მფლობელებისთვის.
გაგაცნობთ ფინალისტებსა და ლაურეატებს:
ფესტივალის ფინალისტები – ელისაბედ ჩხეიძე, ანასტასია მინაშვილი, დავით გიგაური, ნათია ბეჟაშვილი;
მესამე პრემიის ლაურეატები – ლევან გორგაძე, ავთანდილ ჭიქავა და გიორგი გობრონიძე;
მეორე პრემიის ლაურეატები – ბერდია ონიანი, ერეკლე გურგენიძე და მიხეილ ნაზარიანი;
პირველი პრემიის ლაურეატები – ვახტანგ იშხნელი, გიორგი პატარაია, მარია გადილია;
გრან პრი – მარიამ ჭანკვეტაძე და ფალანდა ღვინჯილია.
კონცერტის მსვლელობისას, რომელშიც კონკურსის ფინალისტები, ლაურეატები და გრან პრის მფლობელები მონაწილეობდნენ, გამოვლინდა დაპირებული მაყურებლის სიმპათიის პრიზი, რომელიც ორმა მონაწილემ – ლევან გორგაძემ და ფალანდა ღვინჯილიამ მიიღო.
გალა კონცერტის კონცერტმაისტერები – ეკატერინე გოგოლიძე, ხათუნა ლოლაძე, მარინა ადამიშვილი, ლელა უსეინაშვილი, ქეთევან გელაშვილი.გალა-კონცერეტისა და დაჯილდოების წამყვანები – გვანცა მეფარიშვილი და გიორგი არჩვაძე”,- წერია ინფორმაციაში.