ვაშინგტონში 26 მაისი „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა
აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რომლითაც 2026 წლის 26 მაისი კოლუმბიის ოლქში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ გამოცხადდა.
ოფიციალური დოკუმენტით ვაშინგტონის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავს ულოცავს ქართველ ხალხსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ძლიერ დემოკრატიულ ფასეულობებს, დინამიურ ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
„ვინაიდან, საქართველოს რესპუბლიკა არის გლობალური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი დემოკრატიული ფასეულობების განვითარებით, დინამიკური ეკონომიკური ზრდითა და სტრატეგიული საერთაშორისო თანამშრომლობით;
ვინაიდან, ჩვენი ქართულ-ამერიკული საზოგადოების მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და მთელი ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს; და ვინაიდან, საქართველოს საელჩო თავისი არსებობითა და ჩვენს თემებთან კულტურული ჩართულობით აძლიერებს კოლუმბიის ოლქს;
ვინაიდან, ჩვენი ფასეული ურთიერთობისა და კულტურული გაცვლის პატივსაცემად, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს მოსახლეობასა და ქართულ დიასპორას საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნაში:
აქედან გამომდინარე, მე, ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) მერი, ამით ვაცხადებ 2026 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაშინგტონში“, – აღნიშნულია განკარგულებაში.
