ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზაფხულო სკოლა დაიხურა

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ 14-23 ივლისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მეოთხედ ჩატარდა. სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სულ 14 მსმენელი მონაწილეობდა. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის – საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. სკოლის პროგრამა განკუთვნილია ქართული ისტორიითა და კულტურით, განსაკუთრებით, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებულ უცხოელთათვის. საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავდა აკადემიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს, საზაფხულო სკოლის თემასთან დაკავშირებულ გამოფენასა და ექსკურსიებს. პროგრამის ფარგლებში „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში იმართებოდა დისკუსიები. მონაწილეებმა სკოლის დახურვამდე წარმოადგინეს პრეზენტაცია-მოხსენებები თავისი სამეცნიერო კვლევის შესახებ. დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები