დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე” მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე” მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა, სადაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ წარმოდგენილ შენიშვნები განიხილეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა და საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მოწოდებული შენიშვნებიდან რა შეიძლება გაზიარებული და ასახული იქნეს კანონპროექტში, რომელიც მეორე მოსმენით წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

საბჭოს სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს უბალანსობის ვალდებულების შემსუბუქების საკითხები იმ განახლებადი ენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომელთაც ცვალებადი გენერაცია გააჩნიათ. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წარმოადგინა მარეგულირებელი კომისიის პოზიცია უბალანსობის ვალდებულების შემსუბუქების საკითხებზე იმ განახლებადი ენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ცვალებადი გენერაცია. მან საბჭოს წევრებს გააცნო თუ როგორ ხდება ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით ამ საკითხების რეგულირება და რა ვითარებაა ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი მარეგულირებელი კომისიის პირველად პოზიციას წარმოადგენს და შესაბამისად მზად არიან მოისმინონ შენიშვნები და წინადადებები. ასევე, სხდომაზე აღინიშნა, რომ უბალანსობის გაანგარიშება სატესტო რეჟიმშია, შექმნილია საბალანსო ჯგუფი რამდენიმე კომპანიისგან და ტარდება სიმულაციები. აღნიშნულის შედეგად კი საბოლოოდ გამოვლინდება უბალანსობის რეალური ფასი. საკონსულტაციო საბჭომ მოისმინა „საქართველოს ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის” პირველადი სამუშაო ვერსია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის თქმით, ეს ის სტრატეგიული დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქვეყნის ენერგეტიკა 2030 წლამდე გარემოს დაცვით საკითხების გათვალისწინებით. დოკუმენტში მოცემულია ასამდე ღონისძიება, რომელიც მომავალი10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ენერგეტიკის სფეროში. მასში ასევე განსაზღვრულია რა სამიზნე მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს ქვეყანამ ამ სფეროში სხვადასხვა მიმართულებით 2030 წლისთვის. დავით თვალაბეიშვილის თქმით, დოკუმენტი იხილება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სავარაუდოდ იანვრისთვის უკვე დაიწყება დოკუმენტის საჯარო განხილვა, რის შემდეგაც დოკუმენტს პარლამენტი დაამტკიცებს ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტთან ერთად. მომხსენებლის განმარტებით, ამ პროცესის დასრულებით ქვეყანას ექნება ენერგეტიკის და კლიმატის სამოქმედო გეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები