ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციის საპროტესტო აქციები შესაძლოა, ახალი წლის დღეებში შეწყდეს, მაგრამ მერე განახლდება, ამაში დარწმუნებული ვარ
“აქციები შესაძლოა, ახალი წლის დღეებში შეწყდეს, მაგრამ მერე განახლდება. ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ფეთქებად სიტუაციას არ ველი”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოში პროდასავლური ხელისუფლება არასოდეს ყოფილა.
“ის, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, უკვე კარგია დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ვერ ვიტყვი, რომ ამით კრიზისი დასრულდება, შესაძლოა აქციები ისევ გაგრძელდეს, მაგრამ მთავარია, დაძაბულობის პიკიდან ქვემოთ წამოვიდეთ. აქ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მაინც ექიმთა გადაწყვეტილებები. თავიდან ხელისუფლება კი შეეცადა სახალხო დამცველის მიერ შედგენილი ექიმთა ჯგუფი პოლიტიკურად ანგაჟირებულად მოენათლა და არ გამოვრიცხავ, რომ იქ მართლაც იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, მაგრამ საბოლოოდ პროფესიონალიზმმა აჯობა მიკერძოებულობას და ხელისუფლება იძულებული გახდა, სააკაშვილი გადაეყვანა კლინიკაში ისე, რომ უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მხოლოდ სააკაშვილის უსაფრთხოებას არ ვგულისხმობ – მნიშვნელოვანია, პროვოცირების საშუალება არ მიეცეს არც ერთ მხარეს.
აქციები შესაძლოა ახალი წლის დღეებში შეწყდეს, მაგრამ მერე განახლდება. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ფეთქებად სიტუაციას არ ველი. ძალიან კარგი იქნება, თუ პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავა, მაგრამ არც აქციებია პრობლემა. სახიფათოა ფეთქებადი სიტუაცია, როდესაც ვინმეს პროვოცირებით შესაძლებელი ხდება სამოქალაქო დაპირისპირება. იქნება მუდმივი დაძაბულობა: ან ხელისუფლება დაუშვებს რაიმე შეცდომას, ან ოპოზიცია მოიფიქრებს რამეს და ა.შ. მაგრამ მთავარია სიტუაცია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს. ცხადია, აქციები არჩევნებამდე გაგრძელდება. ოპოზიციას სხვა გამოსავალიც არა აქვს… საკითხავი ის არის, არჩევნები როდის იქნება – 2024-ში თუ მანამდე. შესაძლოა ეს დაპირისპირება გარკვეულწილად ორივეს აწყობს, ამ დროს კი საჭირბოროტო თემები განზე რჩება. ვის სცალია ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე სალაპარაკოდ, როდესაც, მაგალითად, დღეს-ხვალ შესაძლოა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს? ქვეყანა მესამე რეალობაში ცხოვრობს, ოღონდ ეს არც ერთ მხარეს არ აინტერესებს.
თუ ოპოზიცია გამოაცხადებს, ჩვენ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში ქუჩის პროტესტით შევძელითო, შეცდომა იქნება და ვფიქრობ, საზოგადოებაში უფრო ნეგატიურ განწყობებს გააჩენს. ქუჩის პროტესტით კი არა, ექიმების ჩარევით შეძლეს. პროფესიონალებმა “ოცნება” იმდენად მოაქციეს ჩიხში, სხვა გზა არ დაუტოვეს. ამიტომაც წავიდა დათმობაზე. ოპოზიციისთვის ეს ფაქტი ორმაგად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. სწორედ ასეთი თემები უნდა მოძებნონ და ასეთი მეთოდებით იმუშაონ, მაგრამ ამას აქციაზე “გაუმარჯოს” ძახილი, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მსოფლიო ფეხზე დადგებაო, არ შველის. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, საქართველოში პროდასავლური ხელისუფლება არც არასოდეს ყოფილა. დეკლარაციის დონეზე ყველა ამბობდა, ევროპისკენ მივდივართო, სინამდვილეში კი ეს არასოდეს მომხდარა. ამ წრეში ყველა ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. თავის მხრივ, ხელისუფლება ყოველთვის ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ არის მოღალატე. ახლაც რა აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება პრორუსულია? ივანიშვილი, მეტი არაფერი, რადგან მილიარდები რუსეთში იშოვა. მაგრამ ბენდუქიძემაც ხომ რუსეთში იშოვა? სამწუხაროდ, ეს ვართ – თუ რუსეთს ვაგინებთ, პროდასავლურები ვართ, თუ ჩუმად ვართ, პრორუსები.
კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება გაკეთდა იმის გამო, რომ დასავლეთს ხელისუფლებისთვის მისაღები განცხადებები არ გაუკეთებია, პრორუსობა აქ არაფერ შუაშია. თუ ისეთი ვინმე ჩამოვა, რომ ხელისუფლებისთვის მისაღებ ან ნეიტრალურ განცხადებას გააკეთებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილთანაც შეუშვებენ და არც კობახიძე გააკეთებს ასეთ შეფასებებს. რა შუაშია აქ კურსის ცვლილება და პრორუსობა?.. ერთმანეთის გაშავება მიდის და ეს ყველაფერი ამის შედეგია. ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლება გააშავოს, რომ ივანიშვილი რუსეთის საქმეს აკეთებს, ხელისუფლება ოპოზიციას მოღალატეებს ეძახის და ეს არის სწორედ წრეზე ტრიალი. უბედურება ის არის, რომ დიალოგი არავის უნდა, ჩვენს რეალობას ვქმნით და გვინდა მოსახლეობაც ამ რეალობით დავტვირთოთ. ამიტომ მგონია, რომ როგორც “ოცნებამ”, ასევე “ნაცმოძრაობამ” ამოწურა პოლიტიკური რესურსი და ამიტომ არის საჭირო, საზოგადოებამ კრიტიკულად შეხედოს ორივეს. ჩვენი საზოგადოება თუ ამას მოახერხებს, მაშინ მივალთ მშვიდი და სტაბილური სახელმწიფოს შექმნამდე”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.