„გამოიცერი” – ახალი ტერმინი ქართულ რეალობაში
„გამოიცერი“ – სრულიად ახალი ტერმინია ქართულ რეალობაში. სიტყვა პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ამ შინაარსის უცნაური კითხვა დასვა – „სად შეიძლება საქართველოში გამოვიცრა? ევროპაში და ალბათ ამერიკაშიც, ვინც აზრზე მოვიდა და თან ფულიანიცაა, ორგანიზმიდან გამოაქვთ ეს ვაქცინა, მაგრამ ეს დიდ ფულთანაა დაკავშირებულიო“…
შედეგად, კითხვას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა – მაგალითად, “ფეისბუქის” ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში ვინმე მაო შენგელიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომ საქართველოში პირველი გამოცრის სერვისი ამოქმედდა. პოსტი ვირუსულად გავრცელდა მთელს სოციალურ ქსელში. ადამიანთა უმრავლესობა პოსტის ავტორს მიუთითებდა რომ მსგავსი პრაქტიკა, არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაინტერესდნენ მომსახურებით და პოსტის ავტორს დეტალების გაზიარება სთხოვეს.
პოსტის შინაარსი უკვე გადამოწმებულია დამოუკიდებელი ფაქტ-ჩეკერების მიერ და მითითებული აქვს, რომ სიცრუეა, თუმცა, ჯგუფის ადმინისტრაციას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია და ის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის.
მომსახურების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად პოსტის ავტორთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მას ჩვენთვის არცერთ მითითებულ საკონტაქტო საშუალებაზე ამ დრომდე არ უპასუხია.
და მაინც, ფაქტები უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე გაურკვეველი შინაარსის თეორიები:
სიტყვა “გამოცრა” რომ ქართულ ლექსიკონში საერთოდ არ არსებობს, მათ შორის არც სხვა რომელიმე ენის სამედიცინო ლექსიკონში, მარტივი მოსაძებნია.
იმის ახსნა, რომ ვაქცინა სისხლის უჯრედებთან კონტაქტის შემდეგ სისხლს ერევა და ერთმანეთისგან გამოცალკევება პრაქტიკულად შეუძლებელია, ეპიდემიოლოგებსა და ინფექციონისტებს ნონსენსად მიაჩნიათ და კითხვაზე სერიოზული პასუხის გაცემაც უჭირთ. შესაბამისად, მტკიცებას, რომ ვინმეს შეუძლია აცრილი ადამიანის ორგანიზმიდან ვაქცინა გამოიყვანოს, მედიცინის სპეციალისტები ფენტეზის ჟანრს უწოდებენ და მოსახლეობას გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებლისა და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების ფონზე, დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში საგანგაშოა, გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად 80-ს აჭარბებს, 5 ათასს აღწევს დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – ეს ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი რიცხვებია და ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, რომ სტაბილურ ეპიდვითარებას დავუბრუნდეთ. ვაქცინაციის შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია “ბუსტერ” დოზებთან. ის, ვისაც უნდოდა, უკვე აიცრა, მაგრამ ვინც არ აცრილა, ახლა სწორედ ის დროა, რომ აიცრან.
რაც შეეხება სხვადასხვა ანტივაქსერულ მოწოდებას, უკვე სასაცილოც აღარ არის. “გამოიცერი” – ამას ქართველი თუ მოიფიქრებდა, სიტყვაც კი აბსურდულია, არა თუ მსგავსი სერვისი, ტერმინოლოგია არ არსებობს არც ქართულში და არც სხვა რომელიმე სამედიცინო ლექსიკონში”, – განაცხადა თოდუას კლინიკის ეპიდემიოლოგმა, ნათია გორდაძემ.
შეთქმულების თეორიები, სხვადასხვა კონსპირაციული მოსაზრება ყოველთვის არსებობდა და, ალბათ, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მომავალშიც იარსებებს. თუმცა, მათ მიმდევართა და, პირველ ყოვლისა, ავტორთა საქმიანობა ყოველთვის დადგება ეჭვქვეშ, რადგან მუდამ დაისმება კითხვა – რა მიზანს ემსახურებიან ისინი, მიზანმიმართულად ხომ არ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას?