ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა
ეროვნული სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია თითქმის 1,8 მლნ ჰექტარ ტყეზე. სააგენტოს პრიორიტეტებს წარმოადგენს ამ ტყეების დაცვა, მოვლა და შენარჩუნება და მდგრადი ტყითსარგებლობა, რაც, მათ შორის, ხე-ტყის დამზადებასაც მოიცავს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს უფროსის მოადგილემ ტყეების დეგრადაციაზე ისაუბრა.
„ტყეების დეგრადაციის სხვადასხვა კატეგორია განიხილება. მიზეზი მრავალია; პირველი, სამწუხაროდ, ყველგან ადამიანია, ასევე, კლიმატის ცვლილება, რომლის გავლენაც, ჩვენს ეპოქაში უკვე ხელშესახები და თვალსაჩინოა; ესენია: ტყის ხანძრების სიხშირე, ასევე მავნებელი დაავადებები. ტყეს შეუძლია კლიმატის ცვლილების პროცესი შეარბილოს და უკეთეს პირობებში გვამყოფოს, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც ტყით დაფარული ტერიტორიები დიდი არ არის“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა.
მან სამართალდარღვევის პრევენციისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებზე კანონმდებლობის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა. ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
მისივე განცხადებით, სატყეო სააგენტო ახორციელებს მოვლით და სანიტარულ ჭრებს, რაც ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელი მერქნული რესურსის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი წესი მოქმედებს – არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს.