„ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიები“ – ფილმ „პრინცი ნიკოლას ჩხოტუას“ ჩვენება ეროვნულ ბიბლიოთეკაში
4 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტურ სერიალ „ცნობილი აფხაზების უცნობი ისტორიების“ პირველი ფილმის – „პრინცი ნიკოლას ჩხოტუა“ – ჩვენება გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ფილმი შექმნილია ნატო მარშანიას წიგნის – „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ მიხედვით. მასში ასახულია საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტები და მოვლენები აფხაზი არისტოკრატების ოჯახების (შერვაშიძეების, ემუხვარების, მარშანიების, ანჩაბაძეების, მარღანიების, ჩხოტუების) და მათი შთამომავლების შესახებ.
ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების არქივი, რომელიც დოკუმენტური ფილმის შექმნის ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. აქვე ფუნქციონირებს ჩხოტუების სახელობის დარბაზიც.
პროექტი 2022 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით დაიწყო.
ფილმის ჩვენებას აფხაზეთის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ეროვნული ბიბლიოთეკის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.