ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისია
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი მძაფრდება.
მედიის ცნობით, საწვავის დეფიციტი გამოწვეულია მოსკოვიდან იმპორტის შეფერხებებით, ლოგისტიკური პრობლემებით და დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაწესებული მონოპოლიით.
თავის მხრივ, რუსეთში საწვავის დეფიციტი გამოწვეულია ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებით და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებით.
როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, ადგილობრივი მცირე და საშუალო მიმწოდებლები, ფაქტობრივად, ბაზრიდან განდევნილია, ბაზარზე კი ცალკეული რუსული კომპანიები რჩებიან.
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი სიახლეს არ წარმოადგენს. მაგალითად, 2024 წელს რუსეთის მთავრობამ „როსნეფტს“ ოკუპირებულ რეგიონებში საწვავის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. შედეგად, აფხაზეთში საწვავის დეფიციტის გამო, ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა ან დაიხურა, ან ვეღარ ფუნქციონირებს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კრიზისი უარყოფითად აისახება გადაადგილებაზე და საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე, რასაც თან ახლავს ფასების ზრდა და სამეწარმეო საქმიანობის შემცირება.