გიორგი ვოლსკი – BBC-ის საგამოძიებო მასალაზე: არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა, მაგრამ რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?

მე არ მაქვს საფუძველი რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს? – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ღამის კურიერის“ ეთერში BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის განცხადებას.

საუბარია სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შარშანდელ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აკრძალული ქიმიური ნივთიერება.

„მე არ მაქვს საფუძველი რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს? გასაგებია, ერთი წელი ეს ნიშნები არსებობდა. თვალები დაეწვათ ადამიანებს, იმიტომ, რომ თვალების წვის გამომწვევი და ხველების და სუნთქვის პრობლემების შემქმნელი ნივთიერებები გამოყენებული იქნა. რამდენჯერმე ვიხილეთ ეს ამბავი. მაგრამ, რეალურად, ჩვენ არავისგან არ გაგვიგონია, რომ ისეთი ნიშნები არსებობს, რომელსაც აქვს ამის [აკრძალული ნივთიერების] გამოყენების ფორმა. უცებ, ერთი წლის თავზე, გამოდის ვიღაც, ვინც თვითონვე მონაწილეობდა ამ ოპერაციების დაგეგმვაში და ორგანიზებაში, ვიგებთ, რომ თურმე ეს ინფორმაცია მიუწოდებია გიგაურის ორგანიზაციას და იმ ადამიანებს, ვინც სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური, BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, სადაც თბილისში გამართულ აქციებზე აკრძალული ნივთიერების გამოყენებაზეა საუბარი. გომელაურის განცხადებით, „ნივთიერებები, რაზეც ისინი საუბრობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და მას 2012 წლამდე იყენებდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები